ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე საქართველოს შესახებ ანგარიშის მიღების შემდეგ უკვე მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ მიუღია ასეთი ცუდი შეფასება ევროკომისიისგან წევრობისკენ მიმავალ გზაზე პროგრესის თვალსაზრისით, როგორც საქართველოს მიიღო.

"მე არ ვარ ამ დოკუმენტის ერთადერთი ავტორი. მე ვარ მომხსენებელი EPP-ის სახელით, მაგრამ სხვა ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე პასუხისმგებელი არიან ამ ანგარიშზე, ხშირად ჩემზე უფრო მკაცრი მოსაზრებებიც კი ჰქონდათ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ვფიქრობ, ძალიან დამეხმარა ის ფაქტი, რომ ხუთი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი მუდმივად ერთ აზრზე ვიყავით. ამან გამიადვილა ყველა იმ ხანგრძლივი პროცედურის გავლა, რაც ამას თან ახლდა. თუმცა, გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ ვარ ბედნიერი. არ მიხარია, რომ ასეთი მკაცრი სიტყვების ჩაწერა მოგვიწია საქართველოს შესახებ  ქვეყნის, რომელსაც, როდესაც მომხსენებლად დავინიშნე, იმედი მქონდა, რომ დავეხმარებოდი წინსვლაში. მით უმეტეს ამ დრამატულ დროს, როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა. უკრაინელებმა გახსნეს ეს ფანჯარა ბევრი კანდიდატი ქვეყნისთვის და ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა. არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ მიუღია ასეთი ცუდი შეფასება ევროკომისიისგან წევრობისკენ მიმავალ გზაზე პროგრესის თვალსაზრისით.

თავისუფალი მედია დემოკრატიისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. წარმოუდგენელია დემოკრატია თავისუფალი მედიის გარეშე. ყველა ავტოკრატი და დიქტატორი საკუთარი ავტოკრატიული იმპერიის მშენებლობას სწორედ მედიით იწყებს. თქვენ იცით, რაც მოხდა საქართველოში, ამიტომ ჩვენ ნამდვილად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება.

მიუღებელია, რომ ისეთი პლატფორმები, რომლებიც რეალურად არც არიან მედიასაშუალებები, უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს მედია, როცა მედიაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ დემოკრატიულ მედიას. ის გამოცემები, რომლებიც ტვინის გამორეცხვის შინაარსს ავრცელებენ, არ არიან მედია, თუმცა ისინი მაინც აგრძელებენ მუშაობას პარლამენტში. ჩვენ არაერთხელ მივაპყარით ჩვენი ხელმძღვანელობის ყურადღება იმას, რომ ეს მიუღებელია. ისევე როგორც დაიბლოკა ან აღარ მაუწყებლობენ "რაშა თუდეი" ან "სპუტნიკი, ვფიქრობ, ეს გამოცემებიც, სამწუხაროდ, პროპაგანდისტული არხებია და არა მედიასაშუალებები", - განაცხადა იუკნევიჩიენემ.