„რატომ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რაც საკუთარი ქვეყნისთვის დამაზიანებელია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, საბჭოს მოწოდება რუსეთთან მიმართებაში გარკვეული სანქციების დაწესების შესახებ, წარმოუდგენელია, რადგან ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს თავად აქვს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები დამყარებული.

"ჩვენ რა სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს? თავად აქვთ რუსეთთან გაჩაღებული ვაჭრობა. კონკრეტული ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ჩვენ რომ მოგვიწოდებენ რუსეთს სანქციები დაუწესეთო. გადახედეთ ბოლო წლების სტატისტიკას - რა ეკონომიკური ბრუნვა აქვთ რუსეთთან მიმართებაში. სულელები ხომ არ ვართ? თურმე ჩვენ თუ რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, ამით რუსეთის ეკონომიკას დავანგრევთ. ეს ხომ წარმოუდგენელია. ამით დავანგრევთ საკუთარ ქვეყანას ეკონომიკას, დავაზიანებთ ქართველ, მშრომელ ხალხს. რატომ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რაც საკუთარი ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ამ დროს თავად დღესაც აგრძელებენ ვაჭრობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.