ჩვენი მიზანი არ არის აქციებზე დგომა, ეს არ არის ჰობი, არც გატაცება და არც რევოლუციას ახსენებდა ვინმე, ქვეყანას რომ ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ემორჩილება ხალხის ნებასა და არჩევანს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს არჩევნების გზით, ამისთვის კი სახელმწიფოში უნდა ტარდებოდეს თავისუფალი, დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები.

"მიტინგიც და აქციაც თავისუფლების და დემოკრატიის გამოხატულებაა, ეს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ერთგვარი ფორმაა, როდესაც ხალხი ცდილობს, რომ ხელისუფლებაში მყოფთ გააგონონ ხმა და პროტესტი და როცა გყავს ეროვნული და ადეკვატური ხელისუფლება, როგორც წესი, მსგავსი ტიპის ხალხმრავალი აქციები არასოდეს რჩება რეაგირების გარეშე და ყველა ნორმალური ხელისუფლება ცდილობს გამოსავლის პოვნას.

ჩვენ ვარჩიეთ ჩვენი თავისუფლებისთვის, ღირსებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა. ჩვენი მიზანი არ არის აქციებზე დგომა, ეს არ არის ჰობი, არც გატაცება და არც რევოლუციას ახსენებდა ვინმე, ქვეყანას რომ ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ემორჩილება ხალხის ნებასა და არჩევანს.

ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს არჩევნების გზით, ამისთვის კი სახელმწიფოში უნდა ტარდებოდეს თავისუფალი, დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე 2025 წლის 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს. გამოძიება მათ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.