დანიის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტიდან მივიღეთ წერილი, რომ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი დანიაში, ე.წ. კოზაკის ფორმატში არ იქნება მიწვეული. დანიის პარლამენტს არანაირი უფლება არ აქვს, გაიწვიოს შესაბამისი კომიტეტი. არმიწვევა წესების დარღვევაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ წერილზე პასუხს დღეს გაასაჯაროებს.

"შემაშფოთებელია, როცა დანიის მთავრობა დეზინფორმაციას ავრცელებს. ეს ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპებსა და პოლიტიკის კეთილსინდისიერ წარმართვას ეწინააღმდეგება. დანიის ელჩი და საელჩო მოძალადეების გულშემატკივრობის, სასამართლოს სხდომებზე სიარულის ნაცვლად, უნდა განმარტავდნენ, რატომ ავრცელებს დანიის ხელისუფლება დეზინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით. დაკავებული უნდა იყვნენ თავიანთი ძირითადი ფუნქციით. ევროინტეგრაციის არანაირი შეჩერება არ მომხდარა 28 ნოემბერს. ამიტომ, გულდასაწყვეტია, რასაც ისინი ციტირებენ. გარკვეული პერიოდის წინ დანიის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტიდან წერილი მივიღეთ, რომ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი დანიაში, ე.წ. კოზაკის ფორმატში არ იქნება მიწვეული, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სესიას გულისხმობს. იგივე დასაბუთებით არ იქნება მიწვეული. ამ წერილზე ჩემს პასუხს დღეს გავასაჯაროებ. დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ მოვახსენე, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს მთავრობამ ევროინტეგრაცია შეაჩერა. მეტიც, ეს არის „კოზაკის“ წესების დარღვევა. დანიის ხელისუფლება იმ პროცედურებსა და ნორმებს არღვევს, რომელიც შეთანხმებულია და რაც წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა. ევროკავშირს რომ ჰკითხო, წუხან, რომ წესრიგი ირღვევა, მაგრამ თავად არიან საერთაშორისო წესრიგის დამრღვევები. დანიის ხელისუფლება იმ წესებს არღვევს, რაც შეთანხმებულია, მათ შორის პარლამენტთან მიმართებით, რადგან დანიის პარლამენტს არანაირი უფლება არ აქვს, გაიწვიოს შესაბამისი კომიტეტი. არმიწვევა წესების დარღვევაა. აღმოჩნდა, რომ ევროკავშირში წესები მაშინ არის, როცა ეს წესები აწყობთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.