ვითარება, რომელიცაა შექმნილი, არის ძალიან მძიმე და გიორგის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკი ნამდვილად არსებობს, - ამის შესახებ  "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განაცხადა.

მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე დღეს პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართა.

"მიმაჩნია, რომ ბრალდებები, რაც გიორგისგან გაჟღერდა და ინფორმაცია, რაც გადასცა სახალხო დამცველს, პირველი ინფორმაცია სახალხო დამცველს ჰქონდა და მისი მეშვეობით გავეცანით ჩვენ ამას, არის საკმაოდ სერიოზული და მძიმე ბრალდებები. ეს არ არის მხოლოდ ცემასთან დაკავშირებით ეს არის ძლიერი ფიზიკური დაზიანების მიყენება იმ განზრახვით, რომ დაეშინებინათ, ამიტომ ყველას ინტერესია, რომ სიმართლე დადგინდეს. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, სახალხო დამცველის აპარატმა ამ ჩანაწერების კონსერვაციის მოთხოვნით მიმართა, რომ არ განადგურდეს ისინი. დღეს ჩვენ გენერალურ პროკურატურასაც მივმართეთ გამოძიების დაწყების მოთხოვნით და ასევე არის დაყენებული მოთხოვნა, რომ ეს ინფორმაცია არ წაიშალოს და არ განადგურდეს. დერეფანში არის სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, ასევე მის საკანშია ორი კამერა. ხმაურს თავი რომ დავანებოთ, ვიდეოჩანაწერების რეალურ დროში გადაცემის პირობებში არ იყო პრევენცია იმის, რაც ხდებოდა. გიორგისგან ვიცი, რომ ორ წუთზე მეტი, როცა თვითონ იმყოფებოდა საპირფარეშოში, მაშინვე იყო რეაგირება  - სად და როგორ იყო იმიტომ, რომ ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ვითარება იყო ასეთი - მასთან სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამესაკნე ცხოვრობდა. ამ ინციდენტამდე ბოლო ერთი კვირა ცხოვრობდა მარტო. იღება კარი, რა დროსაც შემოდის ის პიროვნება. მისთვის ის არავის წარუდგენია, მან არ იცის, ვინ არის და რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ეს არ იყო შემოსახლება. ეს ადამიანი შემოდის, თავიდანვე აგრესიული ხდება.

ვითარება, რომელიცაა შექმნილი, არის ძალიან მძიმე და გიორგის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკი ნამდვილად არსებობს. ცხადია, ეს ამ ფაქტმა დაადასტურა. ისეთი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პიროვნებასთან, როგორიც გიორგი ბაჩიაშვილია, გასაგებია, რომ ჩვეულებრივ პატიმარს ვერც და არც შეუშვებდნენ. შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ისეთი ქცევის პიროვნება, რომლის მხრიდანაც რისკი არ იქნებოდა.

დღეს დადგა ეს მოთხოვნა, რომ ის მარტო იმყოფებოდეს. გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, რადგან ეს საფრთხე იყო რეალური. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია, რომ იყოს სამარტოო საკანში მარტო", - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მას ციხეში უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.