ჩვენ ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ვართ, ანუ პრობლემური ტიპაჟი გვყავს ავტოკრატად. ტიპაჟი, რომელიც გამქრალია, - ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი პრობლემა ბრძოლის არის ის, რომ იდენტიფიცირებულია მტერი, პირდაპირ მნიშვნელობით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მაგრამ ის არ ჩნდება.

"ჩვენ ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ვართ, ანუ პრობლემური ტიპაჟი გვყავს ავტოკრატად. ტიპაჟი, რომელიც გაქრა, გამქრალია და ძალიან პრაგმატულად გააკეთა ეს. ორბანი დღე და ღამე ავანსცენაზეა, დიდი პოლიტიკოსია. ის შესაბამისად სამიზნეც არის, იმიტომ რომ არსებობს, აქ არის და ოპონირებს და ივანიშვილი გამქრალია, ჩვენ მას ვერ ვიხელთებთ, ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი ბრძოლის არის ის, რომ იდენტიფიცირებულია მტერი, პირდაპირ მნიშვნელობით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მაგრამ ის არ არსებობს ხო? ალაგ-ალაგ  თუ გამოჩნდება, აი, ახლაც დავინახე, რაღაცა ტყის სულებივით რომ გაჩნდნენ, ოჯახის წევრებთან ერთად ნააღდგომევს. ირონიის გარეშე ვამბობ, რაღაც აი, ოჩოპინტრე, აი, რაღაც მართლაც ზაფხულის ღამის სიზმარივით, ეს პრობლემაა, ეს სერიოზული პრობლემა ჩნდება, რომ პროტესტმა გაუძლოს.

ეს არის ძალიან სერიოზული რამ და ყველაფერი უცნაური ხო უნდა დაგვემართოს ქართველებს და მათ შორის ესეც ექსკლუზიურობა და აბსოლუტური ექსცენტრულობა, დიქტატორები ხო ერთმანეთს ჰგვანან და ივანიშვილიც ჰგავს ცხადია, მაგრამ რაღაც სპეციფიკურია, მართლა ტყის სულივით რომ გაკრთება ხოლმე. ანუ რომ ვერ იხელთებ, მარიონეტები ჰყავს, რომლებსაც აი, მართლაც ჭადრაკის ფიგურებივით ცვლის, კიდევ უფრო ართულებს. მაგრამ მე ისევ და ისევ მაქვს აი, იმ სულისკვეთების იმედი და ეს არ არის რიტორიკა. იმდენჯერ ვიმეორებთ ამას, რომ შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ უბრალოდ ჩვენ ეს რაღაცნაირად გახდა ტრადიცია საკუთარი მხნეობისთვის და თვითთერაპიისთვის, მაგრამ ხო, აი, ეს თანმიმდევრული პრინციპული პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, სიტყვით, საქმით, სინდისის პატიმრების თითოეული წერილი, თითოეული ჟესტი, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ არ ტყდება ეს ხალხი, ანუ სულისკვეთება რომ არ ტყდება, რომ დამარცხების, შეუგუებლობის განცდა რომ არ არის, არ არის, არის აპათიის, არის დეპრესიის, არის თითქოსდა ხელჩაქნეულობის შიში, შემდეგი დღის შიში", - განაცხადა ბუღაძემ.

ბუღაძის თქმით, საზოგადოება ვალდებულია, რომ გაუძლოს ამ ყველაფერს, ამისთვის კი საჭიროა ჯავშანი, რადგან არსობრივად, ეს არის გადაბერებული დიქტატორი კაცების ეპოქის ისტორიული დასასრულის ფაზა.