ადამიანთა რეესტრის შექმნა არის საბჭოთა "კაგებეს" მეთოდი, რომელსაც დღეს არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არ იყენებს, გარდა ორი თუ სამი ავტორიტარული სახელმწიფოსი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების პრეტენზია აქვს, ამას არ უნდა აკეთებდეს.

"ასეთი ე.წ. არაკეთილსაიმედო ადამიანების ბაზა იყო საბჭოთა კავშირში და შემდეგ მოჰყვებოდა ამას რეპრესიები და გაციმბირება. ასეთი ბაზა არსებობდა ფაშისტური გერმანიის დროს, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ. ეს არის წმინდა წყლის ფაშისტური მიდგომა და ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში, როდესაც მსგავს სისულელეს აცხადებს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის ენით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი საზღვრები გადალახა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ. ყველა კანონი, დაწყებული აგენტების რუსული კანონით და დამთავრებული სხვა კანონებით, მათ შორის, აი, ამ ე.წ. რეესტრის შექმნა, ემსახურება ერთ მიზანს - დაიწყოს რეპრესიები და ამ რეპრესიების შედეგად შეინარჩუნოს "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება. ძალიან მძიმედ დაამთავრებს "ქართული ოცნება". ქვეყანას სერიოზული რისკის წინაშე აყენებს. ეს განცხადება არის უკანონო, არაკონსტიტუციური და რაღაც ადამიანთა რეესტრის შექმნა არის საბჭოთა "კაგებეს" მეთოდი, რომელსაც დღეს არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არ იყენებს, გარდა ორი თუ სამი ავტორიტარული სახელმწიფოსი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ იწყებენ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც "თავს მოიყრის ინფორმაცია პირებზე, რომლებიც ძალადობასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".