მეგობრებო! ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევგუებოდი რუსებს, არ მოვმზადებულიყავი მათთან ბრძოლისთვის. მართლა მეცინება მათზე, ვისაც ციხე სასჯელი ან ბრძოლის შენელება ჰგონია, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

მისი თქმით, მისთვის სასაცილოა ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, ის ციხით დაისაჯა.

"სრულიად გულწრფელად, შეულამაზებლად მინდა გითხრათ: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა. ვიღაცამ ოფლიც მოიწმინდა – ერთი საკითხი მოვაგვარეთო, დავსაჯეთო.

მეგობრებო! ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევგუებოდი რუსებს, არ მოვმზადებულიყავი მათთან ბრძოლისთვის. მართლა მეცინება მათზე, ვისაც ციხე სასჯელი ან ბრძოლის შენელება ჰგონია. პირიქით, ერთგვარ სიამოვნებას მგვრის, ხან ე.წ. მოსამართლე, ხან სხვა ნებისმიერი ქოცი, აღიარებას რომ მეხვეწება. რა ხერხსაც არ უნდა მიმართონ, ყველა განწირულია. მეცინება მათ ფაციფუცზე. ზუსტად მაქვს გააზრებული მათი სუსტი წერტილები და სწორედ იქ მიიღებენ მშვიდად და წყნარად ჩვენგან დარტყმებს.

ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. მხოლოდ ერთხელ. ჩემს ოთხ შვილზე მე და ჩემი ოჯახი ვართ პასუხისმგებელი და ქოცების იმედად, ღმერთმა დამიფაროს, როდისმე დამეტოვებინოს. ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს, ქოცზე ბევრად უფრო კარგად!

აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ოპოზიციურ ალიანსს ძალიან ზუსტი აქცენტისთვის, არანაირი ვაჭრობა არ იქნება. და მადლობა ყველას: ჟურნალისტებს, აქტივისტებს და საერთოდ ყველა მოქალაქეს თანადგომისთვის.

მადლობა ციხის ადმინისტრაციას, უკლებლივ ყველას. მე აქ არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ – მაქედან. ბოლომდე“, – წერს ელენე ხოშტარია.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ხოშტარია საპატიმროში უკვე 6 თვეა, იმყოფება და შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.