ეს არის რეპრესიების ახალი ტალღა იმ პირებთან მიმართებით, რომლებთანაც ბიძინა ივანიშვილს აქვს გარკვეული მოთხოვნები, - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ხალხს ეუბნება, რომ თუ ფულს დროულად არ გადაიხდიან, მათ სიღარიბეში ამოხდებათ სული.

"ეს არის რეპრესიების ახალი ტალღა იმ პირებთან მიმართებით, რომლებთანაც ბიძინა ივანიშვილს აქვს გარკვეული მოთხოვნები. ფაქტობრივად, ამით "ქართული ოცნება" ხალხს ეუბნება, რომ თუ ფულს დროულად არ გადაიხდიან, მათ სიღარიბეში ამოხდებათ სული. ვერც ქვეყანას დატოვებენ, შეუძლიათ ქვეყნის დატოვების აკრძალვა გამოიყენონ, ვერანაირ ფინანსებს ვერ მიიღებენ, თუ ვინმე მათ დაეხმარება, ამ ადამიანებს დაიჭერენ", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

"ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით ცვლილებები შეიტანა კანონპროექტში, რომლის მიხედვით, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულებისას მარტივდება დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის, მისი ოჯახის წევრების და ასევე დაკავშირებული პირებისაგან მატერიალური რესურსების ამოღება. ახალი რეგულაცია შეეხება მხოლოდ იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს იხდიან შემდეგ დანაშაულებზე: თაღლითობა, გამოძალვა, გაფლანგვა, ქონების დაზიანება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ფინანსური კიბერდანაშაულები და სხვა მსგავსი შემთხვევები, როდესაც მიყენებული ზარალი 10 000 ლარს აღემატება.