ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. დღეს უწყვეტი საპროტესტო აქციის 127-ე და შიმშილობის 16-ე დღეა. 

მაღაროელების თქმით, შიმშილობის მთავარი მიზეზი და მოთხოვნაა უკანონოდ დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება.

მათივე თქმით, 7 ადამიანი შიმშილობს, სამ მათგანს პირი აქვს ამოკერილი – მირზა ლოლაძეს, გოგა აბესაძეს და შავლეგი გოგსაძეს, შიმშილობენ: ტარიელ მიქაცაძე, სიმონ მიქაცაძე, ჯანო ლაბაძე და მერაბი სარალიძე (ციხეში).

ორი მათგანი მშრალ შიმშილობაზეა, მათ შორის ტარიელ მიქაცაძის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

"ჩვენი შიმშილობის მიზანი და მთავარი მოთხოვნა არის ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება. ვეწინააღმდეგებით იმ უსამართლობას, რაც ზოგადად ჭიათურაშია კომპანიის მხრიდან წამოსული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღიკვეთოს ეს უსამართლობა. არ შევჩერდებით, სანამ ჩვენი მეგობრები ციხიდან არ გამოვლენ", - განაცხადა მაღაროელმა დავით ჩინჩალაძემ. 

29 აპრილს ჭიათურის 4 მაღაროელი დააკავეს. მათ შუქრუთის მაღაროს დირექტორისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენება ედებათ ბრალად, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.