9 აპრილის შემდეგ ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია არავის. საქართველოს ისტორიაში არცერთ ქართველ ხელისუფალს არ მოუწამლავს  საკუთარი შვილები და ხალხი, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

თენგო თევზაძე მოუწოდებს ექიმებს, რომლებმაც დაშავებული მოქალაქეები მიიღეს გასული წლის აქციებზე, მოიძიონ და შეინახონ იმ პირთა ვინაობა, რომლებიც მოწამვლის სიმპტომებით იმყოფებოდნენ მათთან.

"დღეს ჩვენ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებით ვნახეთ მტკიცებულება იმისა, რისიც ქართველ ხალხს, მომიტინგეებს ისედაც სჯეროდათ, ვინაიდან ის სიმპტომები, რაც ამ საგამოძიებო ფაქტებით არის მოყვანილი, დასტურდებოდა.

ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა ქიმიური იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მან გადაწყვიტა, საქართველოს პატრიოტები მოეწამლა ისეთი ნივთიერებით, რომელიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის არის საფრთხის შემცველი.

ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებში ვნახეთ ასეულობით ადამიანის უფლებების დარღვევა, ადამიანების მიმართ ისეთი მოპყრობა,  რომელიც არა მარტო საქართველოს კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო სამართლით არის დაცული და ეს უფლებები დაირღვა, მაგრამ ქიმიური იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ეს არის საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი დანაშაული და ამის გამო, ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა აუცილებლად დაისჯება.

9 აპრილის შემდეგ ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია არავის. საქართველოს ისტორიაში არცერთ ქართველ ხელისუფალს არ მოუწამლავს  საკუთარი შვილები და ხალხი იმ განზრახვით, რომ საქართველოს კეთილდღეობა, ევროპული მომავალი და ბრძოლა შეეწყვიტათ.

ბიძინა ივანიშვილმა აწამა და მას მოუწევს პასუხის გაცემა იმ დანაშაულებზე, რაც ჩაიდინა. 

მოვუწოდებ ქართველ ექიმებს, ვინც მოგმართათ იმ სიმპტომებით ნოემბერ-დეკემბერში, გთხოვთ, მოინიშნოთ, დააგროვოთ, თქვენი ჩვენებები იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომავალში, რათა  დაისაჯონ დამნაშავეები", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. სტატიაში მოყვანილია პროტესტის მონაწილეების კომენტარები, რომლებიც პროევროპული აქციების დარბევისას, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანით დარბევის შემდეგ სხვადასხვა სიმპტომებზე მიუთითებდნენ - ქოშინზე, ხველაზე, ღებინებაზე, რომლებიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა. 

BBC წერს, რომ მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.