ქრისტიანობაზე თავს დებს "ქართული ოცნება" და ამ დროს არც პოლიტიკური ოპონენტები არ შეუწყალებია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პარტია, რომელსაც არ გააჩნია თანაგრძნობის უნარი.

"ქრისტიანობაზე თავს დებს "ქართული ოცნება" და ამ დროს არც პოლიტიკური ოპონენტები არ შეუწყალებია, არც "სინდისის პატიმრები", არც თავისი თანაგუნდელები და არც ის ადამიანები, რომლებსაც ჰპირდებოდნენ შეწყალებას - ხმა მოგვეცით არჩევნებზე და შეგიწყალებთო. ყველაფერზე უარს ამბობდნენ, ნულოვანი თანაგრძნობა იგრძნობა ყველაფერში, ყველა გადაწყვეტილებაში. ეს გადაწყვეტილებაც, რომ არავინ შეიწყალეს, არის მკაფიო მაგალითი, რომ ქვეყანაში არის ნულოვანი თანაგრძნობა.

რაც შეეხება სკოლის ფორმებთან დაკავშირებულ სიახლეს, აქ უნდა დავსვათ კითხვა - რა სჭირდებათ ჩვენს მოსწავლეებს, რა სჭირდებათ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც შვილებს სკოლებში უშვებენ. ათეულობით სკოლაა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" არა თუ ააშენა, არამედ დაანგრია და დღემდე ეს ბავშვები სხვა სკოლებში დადიან და ითხოვენ თავიანთ სკოლაში დაბრუნებას. იმის ნაცვლად, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები გადაჭრან, კონკრეტული პრობლემები მოუგვარონ ჩვენს მოსწავლეებს, თანამოქალაქეებს, ოჯახებს - რას აკეთებენ? გამოაქვთ ფორმები, გადაწყვეტენ, ვის მისცენ და აიღებენ ფულს, სახლში კი ოქროს ზოდებს დაილაგებენ. ეს არის ყოველდღიურობა, ეს არის ფაქტი და სამწუხარო რეალობა", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.