ღარიბაშვილის აქტიურობის სამიზნე არის კობახიძე. ერთგვარად, ღარიბაშვილი ბიძინას აწვდის კობახიძის გასტუმრების არგუმენტებს. მას აქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში, მას შეიწყალებენ, კობახიძის გაშვების შემდეგ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება არის კრიმინალიზებული.

"ეს არის კატათაგვობანას თამაში. ბიძინასთვის ესენი ხომ ადამიანები არ არიან. ეს ბიძინას თამაშია, სხვა მოთამაშე პოლიტიკური იქ არავინ არ არის. მეფის კარზე ხალიჩის ქვეშ რაღაცას ტილაობენ, ჭიას ახარებენ კობახიძიდან დაწყებული ყველა, მაგრამ მოთამაშე რასაც ჰქვია, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და მერე ათამაშებს, არის ბიძინა. ის ეთამაშება მდინარაძეს, იქით ეთამაშება ღარიბაშვილს.  შეიძლება, თვითონაც არ არის ჩამოყალიბებული, ეს თამაში საბოლოოდ სადამდე მიიყვანს. შეიძლება ახლა ღარიბაშვილს შეაჭმევინოს მდინარაძე, მაგრამ მდინარაძის შეჭმა ნიშნავს კობახიძის შეჭმასაც. სამიზნე ხომ მდინარაძე არ არის. ღარიბაშვილის აქტიურობის სამიზნე არის კობახიძე. 

ხელისუფლება არის კრიმინალიზებული. ერთი დიდი კრიმინალური ისტორიის ნაწილებზე ვლაპარაკობთ. იგივე ამ ისტორიის ნაწილი არის ფეიქრიშვილები, ციხეში მისი წამება, ვატო ყიფიანი. ეს არის ერთი დიდი კრიმინალური აჯაფსანდალი. 

ერთგვარად, ღარიბაშვილი ბიძინას აწვდის კობახიძის გასტუმრების არგუმენტებს. მას აქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში, მას შეიწყალებენ, კობახიძის გაშვების შემდეგ და ახლა ის ცდილობს, ბიძინას თვალში მოახდინოს რეაბილიტაცია და მიეხმაროს მას ამ დაჯგუფებასთან დაკავშირებული პრობლემების უმტკივნეულოდ მოგვარებაში. ასე რომ, გათვლა, ჩემი აზრით, არის ზუსტად ის, რომ ისევ ბიძინას მეშვეობით გადაწყვიტოს თავისი პრობლემები“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.