უკრაინული ანტიბალისტიკური სისტემა FREYJA-ს პირველი პროტოტიპების გამოჩენა და გამოცდა უკვე ამ ზამთარში იგეგმება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად მთავარი პრიორიტეტი პარტნიორებისგან რაკეტების მიწოდების დაჩქარებაა, განსაკუთრებით Patriot-ის სისტემისა და სხვა არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

ამავდროულად, უკრაინა პარალელურ რეჟიმში მუშაობს საკუთარი ანტიბალისტიკური სისტემის შექმნაზე პარტნიორ ქვეყნებთან და პროექტის მონაწილე კომპანიებთან ერთად.

"კომპონენტების ინტეგრაციის პროცესი უკვე დაიწყო: საჭიროა პროგრამა FREYJA-ს მონაწილეების ყველა შესაძლებლობის ეფექტურად გაერთიანება, რათა ამ სისტემამ რეალურად იმუშაოს. ამაზე ვმუშაობთ და ამ ზამთარში პირველი პროტოტიპები და ტესტირებები უნდა გვქონდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-სგან რაკეტების მიწოდების დაჩქარების თაობაზე კარგი ამბები ჯერჯერობით არ არის, შეფერხებები გრძელდება.

მისივე თქმით, FREYJA პროგრამის ფარგლებში, გრძელდება მუშაობა კომპონენტებს და სხვა ტექნიკურ საკითხებზე, რათა უკრაინის გრძელვადიანი თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერდეს.

"რა თქმა უნდა, ახლა მთავარია პარტნიორებისგან რაკეტების მიწოდების დაჩქარება, Patriot-ის რაკეტების, ჩვენი სხვა სისტემების რაკეტების, რომლებიც საჭიროა და რომლებსაც ამ დროს შეუძლიათ დახმარება“, - განაცხადა ზელენსკიმ.