თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, გიორგი ჩიკვაიძე "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ "მასთან დაკავშირებით ციხეში გეგმები აქვთ".

"ციხეში თუ მომკლავენ, იცით ვისი ბრალიც არის. მაქვს ინფორმაცია, რომ მათ გარკვეული გეგმები აქვთ ციხეში ჩემთან დაკავშირებით. ამაზე ვსაუბრობ სამი დღეა. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ამაში მონაწილეობს ქვეყნის გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და ამ ქვეყნის სუპერ კრიმინალები.

უამრავი ინფორმატორი მყავს მათ სისტემაში. თქვენი აზრით, როგორ ვახდენ ამ ადამიანების იდენტიფიცირებას, მინიმუმ 5 წუთით ადრე ვიცი ვის აძლევენ დავალებას, რა ნომერი მანქანა უნდა გამოგვეკიდოს და სად უნდა გაჩერდეს. ვადგებით თავზე, ასეთივე ხალხი გვყავს ჩვენ პროკურატურაში. მე ზუსტად ვიცი, რომ გუშინ წინ იყო საუბარი, სადაც ნახსენები იყო ფრაზა,"რომ შემოგაკვდეს, მერე რას ვშრებით", სავარაუდოდ, მაინც ციხის ნაწილს ეხება. ეს მინდა იცოდეს მთელმა ერმა და თქვენ კიდევ ნახავთ, სადამდე წავა ეს ყველაფერი", - აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.

ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძე ივანიშვილის რეჟიმს მის წინააღმდეგ დემონსტრაციული დევნის დაწყებაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მას და მის ბიზნესპარტნიორს უთვალთვალებენ.