27 ივნისს, 13:30 საათზე გამოცხადდება განაჩენი, რომელიც მოსამართლემ წინასწარ იცის. დღეს ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ნიკა მელიას საქმეში სამართლებრივი არგუმენტის მიღმა არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ნება და როგორიც იქნება პოლიტიკური ნება, ისეთი იქნება განაჩენიც.

"დაცვის მხარემ უარი განაცხადა სამართლებრივ ფარსში მონაწილეობის მიღებაზე, ამიტომ დღეს ჩვენ არ გამოვკითხეთ მოწმეები და მტკიცებულებები არ გამოვიკვლიეთ. ვინაიდან, აზრი არ აქვს. ნიკა მელიასთან დაკავშირებით ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული. 

27 ივნისს, 13:30 საათზე გამოცხადდება განაჩენი, რომელიც მოსამართლემ წინასწარ იცის. დღეს ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი, მასთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და პარასკევს რას გამოაცხადებს მოსამართლე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

მის საქმეში სამართლებრივი არგუმენტის მიღმა არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ნება და როგორიც იქნება პოლიტიკური ნება, ისეთი იქნება განაჩენიც", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა. 

ნიკა მელია ლისის მიმდებარედ 29 მაისს დააკავეს. მას გამოძიება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება.