ივანიშვილის რეჟიმის მიზანია ყველა იმ ადამიანის დაკავება, ვინც არის მიუღებელი კრემლისა და ივანიშვილისთვის. ამიტომ, ეს საქმე პოლიტიკურად შეკერილია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი მას არ გააჩნია და "ნაციონალური მოძრაობის" მთელი გუნდი სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ გიორგი ბარამიძეს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ბარამიძეს კრემლისტური ხელისუფლება ასამართლებს.

"მეგობრებო, ვინ აღძრა დღეს საქმე გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ? - ივანიშვილის რეჟიმმა. რა გვახსენდება ივანიშვილის რეჟიმზე პირველი - ის, რომ ეს ადამიანები "ოცნების" დაფუძნების დღიდან საქართველოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში, ეს დღესაც გრძელდება. ეს ადამიანები საუბრობდნენ მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე, საუბრობდნენ მთავარსარდლის მიერ ომის დაწყებაზე, მათ შორის იმ ბრალდებებს იმეორებენ, რაც რუსული პროპაგანდიდან გვესმოდა წლების მანძილზე და ეს ხალხი დღეს ადანაშაულებს აფხაზეთის ომის ვეტერან გიორგი ბარამიძეს საბოტაჟსა და ღალატში.

გარდა ამისა, რაც მნიშვნელოვანია, 6 წლითა და 6 თვით აქვს პატიმრობა მისჯილი გიორგი ბარამიძეს რუსული სასამართლოს მიერ და მათ მიერ დასჯილი ადამიანი დღეს 7 აგვისტოდან 18 წლის თავზე არის უკვე ივანიშვილის პროკურატურის მიერ დევნილი. ეს პოლიტიკური დევნის კლასიკური გამოხატულებაა.

ივანიშვილის რეჟიმის მიზანია ყველა იმ ადამიანის დაკავება, ვინც არის მიუღებელი კრემლისთვისაც და ივანიშვილისთვის. ამიტომ, ეს საქმე პოლიტიკურად შეკერილია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი მას არ გააჩნია და "ნაციონალური მოძრაობის" მთელი გუნდი სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ გიორგი ბარამიძეს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.