ვისაც მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, ვინც 9 წელს უწოდებს აღმშენებლობის წლებს და არა სისხლიან წლებს, ყველას მოვუწოდებ, მოვიდეს და ველოდებით ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც არ იქნება ჩვენი პარტიის წევრი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, დღევანდელ აქციაზე არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას გააპროტესტებენ, არამედ ამ ხელისუფლების მმართველობას.

"რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ხუთი წლის მანძილზე განსაკუთრებულ ფაზაში შევიდა ქვეყნის ნგრევა და ძარცვა. საერთაშორისო თაღლითური სქემების ოფიციალურ ცენტრად დ ჰაბად ვიქეცით, ოფიციალურად შეწყდა ევროპული ინტეგრაცია, ოფიციალურად შეწყდა სამოკავშირეო ურთიერთობები აშშ-სთან, ისტორიულ მინიმუმზეა შობადობა და ისტორიულ მაქსიმუმზეა ემიგრაცია -  მეტი რა უნდა ხდებოდეს ხომ, რომ პროტესტი გაუჩნდეს ადამიანს? ამიტომ, მარტივია, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხია აქ მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და მთავარია მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ რიყის დოქებს აქ რომ ხედავთ, რიყის დოქებს რაც უქნეს იგივე უქნეს ჩვენს ქვეყანას, ამას ვაპროტესტებთ და რა თქმა უნდა, რუსულ მმართველობასაც ვაპროტესტებთ. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, მარტო "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს კი არა, ყველა ადამიანს, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის უსამართლობა, ვისაც მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, ვინც 9 წელს უწოდებს აღმშენებლობის წლებს და არა სისხლიან წლებს,  ყველას მოვუწოდებ, მოვიდეს და ველოდებით ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც არ იქნება ჩვენი პარტიის წევრი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

17:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის დაკავების 5  წლისთავთან დაკავშირებით აქციას რიყის პარკში გამართავს.