იტალიის ამოცანა,  ჩვენი მთავრობის ამოცანა, ჩვენი მორალური ვალდებულება უნდა იყოს არა ქართული მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არ მიტოვება რუსეთის ხელში, - ამის შესახებ იტალიელმა სენატორმა მარკო ლომბარდომ სენატში მოსმენისას განაცხადა.

მან მზია ამაღლობელის და ნინო დათაშვილის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი არა თუ დამნაშავეები, არამედ პოლიტიკური პატიმრები არიან.

"მსურს სენატს გავაცნო ქართველ ჟურნალისტის მზია ამაღლობელის საქმე. იგი დააკავეს იანვარში მას შემდეგ, რაც პოლიციის ოფიცერს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. ეს სილა იყო მისი რეაქცია ფიზიკურ ძალადობაზე, აბუჩად აგდებაზე, ფურთხზე. მას არ მისცეს წყალი და არ მისცეს საპირფარეშოში წასვლის საშუალება. "ჩაიფსი!" – სწორედ ამ სიტყვებმა გამოიწვია იმ სილის გაწვნა. ამ სილას მოჰყვა მისი დაპატიმრება, რომელიც უკვე მეშვიდე თვეა გრძელდება. ამ სილის გამო, მას ემუქრება თავისუფლების შვიდ წლამდე აღკვეთა. 

მას შესთავაზეს საპროცესო შეთანხმება, ჰქონდა შესაძლებლობა დაბრუნებოდა თავისუფლებას, მაგრამ მან უარი თქვა რადგან ეს მისთვის, როგორც გამოხატა, „ცოცხლად დამარხვის“ ტოლფასი იქნებოდა. 

მინდა ამ დარბაზში მოვიტანო მისი სიტყვები, რომელშიც უდიდესი გამბედაობა ჩანს - „თქვენი სოლიდარობის წყალობით გადავრჩი. ნუ დაკარგავთ რწმენას საკუთარი თავის! ჯერ კიდევ არის დრო იბრძოლოთ გამარჯვებამდე, არ დაკარგოთ იმედი. მე მჯერა თქვენი. მჯერა, რომ როგორი მტრულიც არ უნდა იყოს გარემო, რომელშიც მოქმედებთ, ყოველი თქვენი ნაბიჯი იქნება ღირსეული, მიმართული თავისუფალი აზრისა და სიტყვის დასაცავად. 

ნინო დათაშვილი კი, პედაგოგი ქალი, შესაძლოა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანონ, ფსიქიკური არასტაბილურობის მოტივით, მაგრამ მისი გონება ნათელია, თავისუფალია, დამოუკიდებელია. მის ხმას ემოცია არღვევს, მაგრამ მისი ზურგი არ ტყდება და მისი სული არ იჩოქებს უსამართლობის წინაშე. ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოყენება პოლიტიკური დევნის იარაღად ეს ტიპური ხერხია ავტორიტარული რეჟიმებისთვის.  მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი არ არიან დამნაშავენი , ისინი პოლიტპატიმრები არიან. "ქართული ოცნება“ არ არის ლეგიტიმური მთავრობა, ეს არის რეჟიმი. 

დასასრულს, ქალბატონო თავმჯდომარევ - როდესაც ამ მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეუბნება, რომ შეხვდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს იმიტომ, რომ არ შეიძლება საქართველოს მთავრობა შევატოვოთ რუსეთს ხელში, მიჩნდება ფიქრი, რომ იტალიის ამოცანა, ჩვენი მთავრობის ამოცანა, ჩვენი მორალური ვალდებულება უნდა იყოს არა ქართული მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არ მიტოვება რუსეთის ხელში. ეს ახალგაზრდები მხოლოდ დემოკრატიას, თავისუფლებას და მშვიდობას ითხოვენ. ჩვენი ამოცანა კი არის ვუთხრათ მათ - იყავით ძლიერები, რადგან თქვენ მარტო არ ხართ!“, - განაცხადა მარკო ლომბარდომ.