საქართველოში რაც ხდება, ევროპის პერიფერიაზე მხოლოდ ადგილობრივი მოვლენა არ არის, რაც იქ ხდება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

"დეკემბერში შვიდი დეპუტატი ვეწვიეთ საქართველოს. აქ სამი მნიშვნელოვანი პუნქტია. პირველი, არაღიარება; მეორე, სანქციები და მესამე, ახალი არჩევნები. პირველი – არაღიარება. "ქართული ოცნება“, ზოგიერთი მას "ქართულ კოშმარსაც“ უწოდებს, სასოწარკვეთილი მიისწრაფვის საკუთარი ლეგიტიმაციისკენ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოუმზადებელი ვიზიტების თავიდან არიდება. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. ქართველმა ხალხმა დაიწყო დეპუტინიზაციის პროცესი და ამას განაგრძობენ. ხალხი, რომელსაც ქუჩაში შევხვდით, ამბობს, რომ არასდროს დანებდებიან და არ დაუშვებენ, რომ საქართველო გახდეს რუსული სამყაროს ნაწილი თუ რუსეთის ფედერაცია; მეორე, სანქციები. აშშ-მა უკვე ახსენა, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდა საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისა და რუსეთის ფედერაციისთვის სარგებლის მოტანის გამო; და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი არჩევნები.

დროა, ვიფიქროთ თავად გეგმაზე, როგორ დავეხმაროთ ქართველ ხალხს მოპარული ხმების დაბრუნებაში. სხვა არჩევანი არაა. მეტი უნდა გავაკეთოთ. როგორც უკვე განვაცხადე, საქართველო ჩემი პრიორიტეტების სათავეში იქნება. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ევროპარლამენტის ყველა წევრს, რომლებიც აქტიურად ხართ დაკავებული საქართველოთი და გვაწვდით ინფორმაციას. ამას ვაფასებ და უახლოეს დღეებში განვიხილავთ სამივე პუნქტს, რომელიც თქვენ ახსენეთ, სანქციებზე, ვიზებზე და ყველაფერზე. ეს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაა, მზად ვართ, ის განვიხილოთ“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.