„ოპონენტები ჯერ ამბობდნენ, რომ ვიტყუებოდით და არაბული ინვესტიცია არ განხორციელდებოდა, ახლა ნარატივი შეცვალეს და ცდილობენ პროექტს ზიანი მიაყენონ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში არაბული დეველოპერული კომპანიის მიერ დაგეგმილი ინვესტიციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია. მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა.

"აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენს ოპონენტებს თავდაპირველად ჰქონდათ ასეთი ნარატივი, რომ ჩვენ ვიტყუებოდით და მსგავსი ინვესტიციის განხორციელებით არაბული კომპანია დაინტერესებული არ იყო. მას შემდეგ რაც ოფიციალურად მოხდა ყველაფერი, არაბები ჩამოვიდნენ საქართველოში და პროექტის დაწყება დაანონსდა, მათ ნარატივი შეცვალეს და მაქსიმალურად ცდილობენ ამ ინვესტიციას ზიანი მიაყენონ.

რა თქმა უნდა, პროექტი განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. არსებობს მიწა, ჯერ უნდა გაკეთდეს პროექტი და დამტკიცების შემდეგ, დაიწყება ინვესტიციის გასაჯაროება. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ოდენობის 6.5 მილიარდ დოლარიანი პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში არასდროს შემოსულა. ეს ყველაფერი არამხოლოდ ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას წაადგება, ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებს უფრო გააძლიერებს. აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია. მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა - მოხმარდება ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ საკითხებს, მათ შორის პენსიების გაზრდას და ა.შ.“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, კახა კალაძის თქმით: „დასამალი არაფერია, ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ ისაუბრა ყველა დეტალზე“.