სამწუხაროდ, მედიაგარემო უარესდება, პირველ რიგში, ამის მიზეზი არის დრაკონული კანონმდებლობა, რომლის მიზანია, რომ გააკონტროლოს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა თამარ კინწურაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეზინფორმაციული კამპანიები ხელისუფლების მიერაა ორკესტრირებული თავისუფალი აქტორების წინააღმდეგ.

"სამწუხაროდ, მედიაგარემო უარესდება. პირველ რიგში, ამის მიზეზი არის დრაკონული კანონმდებლობა, რომლის მიზანია, რომ გააკონტროლოს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობა. ჩვენ ვხედავთ, როგორ იყენებს მარეგულირებელი ამ ცვლილებებს იმისთვის, რომ აკრძალოს გარკვეული ფრაზების გამოყენება, რაც ხდება ავტორიტარულ რეჟიმებში, ასევე შეზღუდოს ფინანსური ნაკადი და გარდა კანონმდებლობისა, არის დაუსჯელობის შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტების მიმართ არ არის გამოძიება დაწყებული, როგორც "ფორმულას" და "ტვ პირველის" ჟურნალისტები გახდნენ ძალადობის მსხვერპლი და საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა ეს კადრები. ასევე, დეზინფორმაციული კამპანიებია, რომლებიც ხელისუფლების მიერაა ორკესტრირებული თავისუფალი აქტორების წინააღმდეგ", - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

PACE-ს დელეგაცია თბილისში შეხვედრებს მართავს. დელეგაცია სამოქალაქო სექტორსა და მედიაორგანიზაციებს შეხვდა და ქვეყანაში არსებული მედიაგარემო განიხილეს. დაგეგმილია ოპოზიციასთან შეხვედრაც.