თბილისის მერი კახა კალაძე საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გურამ ოქროპირიძესთან ერთად ნაძალადევის რაიონში საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

ახალი შენობა N43 ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე შენდება, სადაც ძველი, ავარიული შენობის დემონტაჟი რამდენიმე წლის წინ განხორციელდა. საბავშვო ბაღის კონტინგენტი, ამჟამად, ახლომდებარე ბაღის შენობაშია განთავსებული.

"ნაძალადევის რაიონში, ლაითურის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. აქ არსებული შენობა-ნაგებობა, 150 ბავშვზე გათვლილი და ავარიული იყო. განვახორციელეთ მისი დემონტაჟი. ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ მის ნაცვლად ახალ საბავშვო ბაღს ავაშენებდით. მომდევნო წლის შემოდგომაზე, ახალი სააღმზრდელო პროცესის დაწყების დროს, ბაღი უკვე დასრულებული უნდა იყოს. ახალი ბაღი 450 ბავშვზე იქნება გათვლილი. გათვალისწინებულია ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ეზოს მოპირკეთება, შენდება ორი ფლიგელი, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის  და ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ახალი ბაღი ავაშენეთ დედაქალაქში. ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ბაღი 14-ჯგუფიანი იქნება. შენობა აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და დაცული იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტით.

პროექტის ბიუჯეტი 7 440 000 ლარია და მისი დასრულება 2026 წლის სექტემბერში იგეგმება.

თბილისის მერთან ერთად ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და კახა აბულაძე, ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები გაეცნენ.