ძალიან კარგია, თუკი დავას დაიწყებენ, კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნება, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ, წარმოადგინონ მტკიცებულებები, - ამის შესახებ “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს ფაქტი უკვე შეიცავს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.

"დოკუმენტირებულია არაერთი, ათობით შემთხვევა, მათ შორის საეჭვო ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის. დღემდე, ამ კვლევებისა და გამოძიების შემდეგაც კი შსს არ ამბობს, რა ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული წყლის ჭავლთან ერთად.

იმისათვის, რომ დამაზიანებელი და უფრო ეფექტური ყოფილიყო მომიტინგეების დასარბევად, ისინი იყენებდნენ ერთდროულად რამდენიმე საშუალებას.

როდესაც ეს ფორმები გამოყენებულია მასშტაბურად, ეს ფაქტი უკვე შეიცავს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რომელიც არის საერთაშორისო დანაშაული.

საინტერესოა ის, რომ არა შსს-მ, არამედ პარტია "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ საერთაშორისო დავას იწყებენ ამ გამოძიების წინააღმდეგ. ძალიან კარგია, თუკი დავას დაიწყებენ, კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნება, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ, წარმოადგინონ მტკიცებულებები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. სტატიაში მოყვანილია პროტესტის მონაწილეების კომენტარები, რომლებიც პროევროპული აქციების დარბევისას, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანით დარბევის შემდეგ სხვადასხვა სიმპტომებზე მიუთითებდნენ - ქოშინზე, ხველაზე, ღებინებაზე, რომლებიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა. 

BBC წერს, რომ მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.