გუშინ "იმედს" სპეციალური სიუჟეტი გაუკეთებია ჩემთან დაკავშირებით და ჩემს გამონათქვამებზე ეკლესიასთან მიმართებით. მე ვამბობდი, რომ ყოვლად მიუღებელი და ამორალურია, რომ ივანიშვილს ეძლევა საშუალება, მიიტაცოს ეკლესია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ის კვლავ გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილის და მისი თანაგუნდელების მხილებას.

"გუშინ "იმედს" სპეციალური სიუჟეტი გაუკეთებია ჩემთან დაკავშირებით და ჩემს გამონათქვამებზე ეკლესიასთან მიმართებით, რომელიც ამოჭრეს ჩემი ეთერიდან, რომელიც ორი დღის წინ მქონდა "ფორმულაზე". ამიტომ, რუს-ქოცური მიჭრა-მოჭრის, მანიპულაციის და ტყუილების გარეშე მინდა გითხრათ, რას ვამბობდი ამ ეთერში.

ვამბობდი, რომ ყოვლად მიუღებელი და ამორალურია, ჩემი აზრით, რომ ივანიშვილს ეძლევა საშუალება, მიიტაცოს ეკლესია, რწმენა, ტრადიციული ღირებულებები, ოჯახის სიწმინდე, მაშინ, როდესაც ამ ადამიანისთვის წმინდა მხოლოდ ფულია, მეტიც, ჩემი აზრით, კერპთაყვანისმცემლური მიდრეკილება აქვს, სხვაგვარად ვერ ვხსნი, რატომ ანიჭებს ასსწლოვანი ხეების ტრანსპორტირებას ამხელა მნიშვნელობას. ამ ადამიანს ნათქვამიც აქვს, რომ არ სჯერა სულის უკვდავების და ასეთი ადამიანი ავიდა ამბიონზე და პატრიარქის გარდაცვალების დღეს, როცა მთელი ქვეყანა ტიროდა და უამრავი ადამიანი გლოვობდა იმ ადამიანის გარდაცვალებას, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ეკლესიის განმტკიცებაში, ასეთ მნიშვნელოვან დღეს ივანიშვილი მოგვევლინა მთავარ "სპიკერად" ამბიონიდან, საეკლესიო პირივით ქადაგებდა, რათა წარმოეჩინა, რომ იქ მისული ათი ათასობით ადამიანი მისი მხარდამჭერია, რაც სისულელე და ამორალობაა. ამას ვამბობდი მათ შორის პიტერ მადიარის კონტექსტში, რომელიც მნიშვნელოვანი საკითხი გახდა ბოლო დღეებში.

ჩემი სიტყვები აქვთ ამოჭრილი, რომ პიტერ მადიარი შევიდა ამ ველზე, სადაც მან წაართვა მონოპოლია ვიქტორ ორბანს ტრადიციულ, ეროვნულ ღირებულებებზე და ეკლესიაზე, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილი და მისი პაიკებიც ვამხილოთ. ჩემთვის, რწმენა ძალიან პირადი სივრცეა, არასოდეს გადამიღია, როგორ მივდივარ ეკლესიაში, ან ბავშვები როგორ მიმყავს, როგორ ვაბარებ აღსარებას, ან ვეზიარები, მაგრამ როცა რუს-ქოცები ღუპავენ ჩვენს ქვეყანას და მომავალს და ტყუილებს ავრცელებენ ჩვენზე და ცდილობენ, საზოგადოებას ჩვენზე მცდარი წარმოდგენა შეუქმნან, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ უნდა ვამხილოთ და ვამხელთ კიდეც და რადგან ასე გეწყინათ და მთელი სიუჟეტი მომიძღვენით "იმედზე", კიდევ უფრო მეტს ვილაპარაკებ თქვენს ტყუილებზე, ფარისევლობაზე, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ სიმართლე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.