"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ირაკლი კობახიძე აშშ-ის დელეგაციასთან ერთსაათიანი შეხვედრის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გაყინულ 607 მილიონზე საუბრობდა, რომელზეც "ოცნების" დამფუძნებელი Credit Suisse-თან დაობს.

ბოკუჩავას თქმით, ამ მილიონების გამო ივანიშვილმა ქვეყანა ტყვედ აიყვანა.

"ივანიშვილმა მისი ფულის გამო ქვეყანა ტყვედ აიყვანა, იმიტომ, რომ თვლის, რომ ეს 607 მილიონი, რომელიც კერძო დავის საგანი იყო მასა და შვეიცარიულ ბანკს შორის, ახლა უხილავ მასონთა ლოჟას აქვს დროებით მიტაცებული და მისი დაბრუნების მიზნით, ივანიშვილმა მიიტაცა მთელი ქვეყანა და ახლა ის ცდილობს დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ ის შედგა როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკონ, რომ საბოლოო მაინც დაიბრუნოს ის 607 მილიონი.

მე დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო მაღალი დონის ვიზიტი, რაც შედგა საქართველოში შტატების მხრიდან, ეს იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, ერთსაათიანი შეხვედრიდან ირაკლი კობახიძე 45 წუთი, სწორედ ამ 607 მილიონზე საუბრობდა", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.