ჩვენ მოსამართლეებისგან ვისმენთ კითხვებს, ჩანს უკვე, რომ მოსამართლეს ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია, რაღაც საკითხის დასმა უწევს და ჩვენს პასუხებს თავისებურად განმარტავენ, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოზე სხვადასხვა ნორმებია გასავლელი, რომელიც სიმართლის დადგენას შეუწყობს ხელს.

"დღემდე ვერც პარტიებმა და ვერც საზოგადოებამ გაიგო, რა არის მტკიცების ტვირთი, რა უნდა ამტკიცოს მოსარჩელემ და რა უნდა გააბათილოს მოპასუხე მხარემ. ჩვენ მოსამართლეებისგან ვისმენთ კითხვებს, ჩანს უკვე, რომ მოსამართლეს ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია, რაღაც საკითხის დასმა უწევს და ჩვენს პასუხებს თავისებურად განმარტავენ. სინამდვილეში, ჩვენ არც კი ვიცით, რას ემსახურება კონკრეტული კითხვა, რის დადასტურებას მოითხოვენ, ან რისი უარყოფას მოითხოვენ მოპასუხე მხარის მიმართ. ამიტომ, ეს გაუგებრობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ დავაყენოთ შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე და სასამართლომ გვითხრას ერთხელ, არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებასაც, რომ ის, რომ მოსამართლემ რაღაც იცის ან რაღაცას ფიქრობს, საზოგადოებისთვის და მოპასუხისათვის საკმარისი არ არის. მან უნდა დაადგინოს კონკრეტული წესი - მტკიცების ტვირთი ვისზე არის, პასუხისმგებლობა ვისზე არის, მტკიცების სტანდარტი რით არის, რით იხელმძღვანელებს სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების დროს. აი, ეს პროცედურები უნდა გავიაროთ ამ სხდომაზე”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.