გრაჩოვმა რაც თქვა, იგივე გაიმეორა ზურაბიშვილმა, რომ ქართულმა ბომბდამშენებმა დაბომბა ქართლის ერთ-ერთი სოფელი. საკუთარი ქვეყანა საკუთარი თავის დაბომბვაში არ შეიძლება დაადანაშაულო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის შეხედულებები იყო მცდარი.

“მე ვინც მაკრიტიკებს, ჩემ დროს პოლიტიკაში იყო და ვინც არ იყო, იმათი შვილები არიან, რომლებიც პოლიტიკაში იყვნენ. არიან ისეთებიც, რომლებიც ფეხზე დავაყენე და ახლა ფეხს მიდებენ. არის ხალხი - „ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა“, მაგრამ არის კარგი ხალხიც, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება.

ამბიცია შეიძლება გვქონდეს ერთი: როგორ დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ვინმე ივანიშვილისგან რაიმე სარგებელს ნახულობს. ძალიან ბევრმა თავი გადადო და ციხეში მოხვდა ან ციხე ემუქრება და მე ამ ხალხს დიდ პატივს ვცემ.

ნოღაიდელს ელექტროგამანაწილებელი კომპანია აქვს და უმატებს დენის ფასს. აქ იმიტომ მოვიდა, რომ კაცი ბოლომდე ჩაეხუტა „ქოცებს“. დღეს ბურჯანაძის მოყვანის შეეშინდათ, ისე „გაუფარჩაკდათ“ ის მოწმე.

მინდა ყველას ხელი გავუწოდო და გვერდით დავუდგე, მაგრამ ამავე დროს ხალხზე ვიყოთ ორიენტირებული. 2018 და 2021 წლებში ჩვენ „ქოცების“ ხმები ავიღეთ და არა მარტო ჩვენი მხარდამჭერების. ყველაზე მეტი ამომრჩეველი მე მყავს და მეც მინდა არჩევნები. ორბანი რომ გადაირჩიეს, იქ არჩევნები ტარდებოდა და ტარდება.

სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა - ერთი სიტყვით იქნებ ეთქვა, რომ მისი წარსული პოზიციები იყო ღრმად მცდარი, 2007-ში რუსეთმა დაბომბა ჩვენი საჰაერო სისტემა. გრაჩოვმა რაც თქვა, იგივე გაიმეორა ზურაბიშვილმა, რომ ქართულმა ბომბდამშენებმა დაბომბა ქართლის ერთ-ერთი სოფელი. საკუთარი ქვეყანა საკუთარი თავის დაბომბვაში არ შეიძლება დაადანაშაულო. როდესაც 20 ივნისს თვალები დათხარეს ბავშვებს, ქალბატონი სალომე გვერდით იყო და ლობიოს ჭამდა. მე თქვენს მიმართ ცუდად განწყობილი არ ვარ, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ერთი სიტყვა გეთქვათ, რომ თქვენი წარსული პოზიციები მცდარი იყო. ბოდიშის მოხდას არ ვითხოვ, ეს სინდისის საკითხია.

ვახო სანაიამ კარგად აღწერა ჩემი გორში წაქცევა და ტრამპის წაქცევა. ამბობენ იმას, რომ სააკაშვილი გორში მიწაზე ფორთხიალობდა და ტრამპი რომ ფორთხიალობდა, ეგ არაფერი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.