სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე აქვს ნათქვამი და მერე ბევრჯერ გამეორებული, რომ არა და არასოდეს შეიწყალებდა საქართველოს პრეზიდენტს და პოლიტიკურ ტყვეს მიხეილ სააკაშვილს, ეს კი, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან იყო ნაბიჯი, რომელმაც აბსოლუტურად წაახალისა პოლიტიკური ტყვეობა საქართველოში, - ამის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, თუ ვინმეს მიუძღვის დანაშაული, მათ შორის ერთ-ერთი სალომე ზურაბიშვილია.

"ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთიანობაზე და ხელის შემშლელ ფაქტორად  ასახელებს პოლიტიკოსების ტყვეობას. მას თავის დროზე აქვს ნათქვამი და მერე ბევრჯერ გამეორებული, რომ არა და არასოდეს შეიწყალებდა საქართველოს პრეზიდენტს და პოლიტიკურ ტყვეს მიხეილ სააკაშვილს, ეს კი, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან იყო ნაბიჯი, რომელმაც აბსოლუტურად წაახალისა პოლიტიკური ტყვეობა საქართველოში და როდესაც მიხეილ სააკაშვილის ეს ტყვეობა "გაუვიდა" "ქართულ ოცნებას", შემდეგ ყველა სხვას შემთხვევაშიც "გაუვიდა", ამიტომ, ამ მხრივ, თუ ვინმეს მიუძღვის დანაშაული, მათ შორის ერთ-ერთი არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.

რაც შეეხება ერთიანობას, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის არის ერთიანი ყველასთან, ვინც ებრძვის ივანიშვილის რეჟიმს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ სპექტრს ერთი მიზნისკენ გაერთიანება მოუწოდა. მისივე თქმით, ძველი პოლიტიკური გაერთიანება, სავარაუდოდ, "რეჟიმის ჩარევისა" და მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების ციხეში ყოფნის გამო ვერ შედგა.