დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ განაცხადა. 

მისივე თქმით, დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე – კვართი უფალი იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი – საქართველოშია დავანებული.

"დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩვენთვის, ყველასთვის. ეს უდიდესი სიწმინდე არ არის მხოლოდ ისტორიული რელიკვია ჩვენთვის, არამედ ის არის დედა ღვთისმშობლის მფარველობის, ჩვენთან მყოფობის ხილული ნიშანი. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქართველებისთვის, რადგან ღვთის წყალობითა და განგებულებით, რამდენიმე საუკუნის წინ ეს დიდი სიწმინდე ჩამოაბრძანეს საქართველოში და აქ, სამეგრელოში ინახება, როგორც, ვიმეორებ, სიმბოლო დედა ღვთისმშობლის მუდმივი მფარველობისა და ჩვენთან მყოფობისა. როგორც ძველად მფარველობდა და იცავდა ადამიანებს ყოველგვარი ჭირისგან, განსაცდელისგან, მწუხარებისგან, იგი დღესაც უწევს მფარველობას ყველას, ვინც რწმენით, სინანულით, ლოცვით მიეახლება მას.

დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე – კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი – საქართველოშია დავანებული.

ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ჩამოაბრძანეს ჩვენთან უფალ იესო ქრისტეს კვართი და დედა ღვთისმშობელმა ღირსჰყო ჩვენი ქვეყანა, მისი წილხვედრი გამხდარიყო. დედა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით საქართველოშივე იქადაგა წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა, ასევე, სიმონ კანანელმა და სხვა მოციქულებმა. დედა ღვთისმშობლის კურთხევით გამოემართა წმინდა ნინო საქართველოში, იქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება და მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა განუხრელად, ერთგულად და შეურყვნელად იცავს ქრისტეს რწმენას.

წელს შესრულდა 1700 წელი ამ დიდებული მოვლენიდან, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა დიდი კავშირი აქვს ქრისტეს რწმენას ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ცხოვრებასთან, ჩვენს თვითმყოფადობასთან.

დღევანდელი დღესასწაული – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის, პატიოსანი კვართის დღესასწაული – ალბათ, ძვირფასო ძმებო და დებო, გვაფიქრებს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე: ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენს სულიერ შესამოსელზე. როდესაც მოვინათლეთ, მივიღეთ ეს წმინდა სულიერი შესამოსელი; როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, „ქრისტეთი შევიმოსეთ“ (გალატ. 3, 27), მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრების განმავლობაში ამ სპეტაკ შესამოსელს ვაბინძურებთ ჩვენი ცოდვებით, ჩვენი ვნებებით, მცირედმორწმუნეობით, სულმოკლეობით და ა. შ.

დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ ამაზე და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში.
ისე დაემთხვა, რომ დღეს წაკითხული სახარებაც ამას გვეუბნება. ფარისევლები მიდიან უფალ იესო ქრისტესთან და ეკითხებიან: „რატომ არ იცავენ შენი მოწაფეები ხუცესთა გადმოცემას, რომ დაუბანელი ხელით ჭამენ საჭმელს?“ (მთ. 15, 1-2). უფალმა მიუგო, რომ პირიდან შემავალი კი არ შეაგინებს კაცს, არამედ პირიდან გამომავალი შეაგინებს კაცსო (მთ. 15, 11). მოციქულებმა ვერ გაიგეს ეს იგავი. პეტრე მოციქულმა სთხოვა უფალს, განემარტა მათთვის, რას ნიშნავს ეს. უფალმა უთხრა, რომ რაც პირიდან გამოდის, ის ჩვენი გულიდან გამოდის და ის შეაგინებს კაცს, რამეთუ პირიდან გამოდის, გულიდან გამოდის ანუ, ბოროტი ზრახვები, კაცის კვლა, მრუშობა, სიძვა (ჩამოთვლის უფალი), პარვა, გმობა, ანგარება, ამპარტავნება. აი, ეს შეაგინებს ადამიანსო (მთ. 15, 15-20).

ამგვარად, ამ სიტყვებით უფალი გვასწავლის, რომ უნდა შევებრძოლოთ ჩვენს ვნებებს, ჩვენს ამ არაწმინდა გულის სიტყვებს, გულის ფიქრებს, რადგან ვნებების აყოლა და მათი დაკმაყოფილება ძალიან ავნებს ადამიანის სულს, განაშორებს ღმერთს, განაშორებს მადლს და ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ვერ აღწევს და ვერც ინარჩუნებს ვერაფერ სულიერს. ის ვერასდროს მოშორდება მიწიურს და სულიერი საგნების, ზეციური საგნების ჭვრეტაში ვერასდროს ვერ შევა.

შეგახსენებთ უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის სიტყვებს, რომ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ლოცვა-კურთხევას სამეგრელო აუცილებლად შეასრულებს.
მიიღეთ ჩემი დიდი სიყვარული, ლოცვა-კურთხევა და მადლიერება", - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.