"ოპოზიციის ალიანსმა“ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვსი მოთხოვნა დაასახელა.

როგორც ბრიფინგზე ალიანსის ერთ-ერთმა წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა, სამართლიან არჩევნებამდე აუცილებელია პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა და რეპრესიული კანონების გაუქმება.

"ოპოზიციის ალიანსს“ "ქართული ოცნების“ შეცვლა მთავარ ამოცანად აქვს დასახული, რაც, უპირველესად, სამართლიანი და თანასწორი არჩევნების გზით უნდა განხორციელდეს. ვიდრე სამართლიან არჩევნებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა, ასევე იმ რეპრესიული კანონების გაუქმება, რომელმაც ჩამოშალა ან ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა დემოკრატიულ ინსტიტუტებს: კრიტიკულ მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და დემოკრატიისთვის სხვა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია შესრულდეს 6 ძირითადი მოთხოვნა: შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. ის უნდა გახდეს სრულად პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებული. 2020 და 2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით; ემიგრანტებს ხმის მიცემის შესაძლებლობა კვლავ უნდა დაუბრუნდეს და ქვეყნის გარეთ უბნები უნდა გაიხსნას; საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოში შეიქმნას საარჩევნო დავების განმხილველი კოლეგიები; არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარების პირობებში განისაზღვროს აპარატებისა და კენჭისყრის დღის შესწავლის/შემოწმების(აუდიტის) აუცილებლობა; გაიხსნას ამომრჩეველთა სია და შესაძლებელი გახდეს არჩევნებში ამომრჩევლის მონაწილეობის გადამოწმება“, – განაცხადა თევზაძემ.