რუსთაველის გამზირი რომ არა, საზღვარგარეთიდან ნული იქნებოდა რეაქცია, რუსთაველის გამზირი არის ადგილი, რომელიც ამცნობს მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი არის უკმაყოფილო იმით, რაც ხდება საქართველოში, – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, გაერთიანება "რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

"რუსთაველის გამზირზე არ იკრიბება ის ხალხი, რომელიც სტიქიურად არის გამოსული. ყველას გვაქვს გააზრებული, რუსთაველის გამზირი რომ არა, საზღვარგარეთიდან ნული იქნებოდა რეაქცია, ქვეყანაშიც იქნებოდა ძალიან ცუდი სიტუაცია. ერთადერთი ადგილია რუსთაველის გამზირი, რომელიც აცნობს მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი არის უკმაყოფილო იმით, რაც ხდება საქართველოში. ამიტომ, ამის შეჩერებაც არ შეიძლება, მალე 200 დღე იქნება, დარწმუნებული ვართ, მივაღწევთ ჩვენს მიზანს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, რომელიმე პარტია თუ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ის უღალატებს რუსთაველის გამზირს.

„რომელიმე პარტია თუ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ის გვიღალატებს ჩვენ, რუსთაველის გამზირს, უღალატებს სინდისის პატიმრებს, რომლებიც სხედან ციხეში და უღალატებს პოლიტპატიმრებს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ნიშნავს ეროვნული ყრილობა, რომლის ჩატარებასაც ის აანონსებს, პაატა ბურჭულაძემ თქვა, რომ ეროვნული ყრილობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ისინი ამას ჩაატარებენ.

„ეროვნული ყრილობა ნიშნავს იმას, რომ უნდა შეიქმნას მესამე რესპუბლიკა. პირველი რესპუბლიკა იყო 1918-1921 წლებში, მერე -1991, 2025 ახლა და დღეს, როდესაც ჩვენი ე.წ. მთავრობა გასულია მომსახურების ზონიდან, საჭიროა, დაბრუნდეს სამართალი ჩვენთან. ეს შესაძლებელია მხოლოდ ხალხის შეკრებით. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ არა იმ კანონებით, რომელსაც დღეს იღებს არალეგიტიმური მთავრობა, არამედ კონსტიტუციით. კონსტიტუციაში რა გვიწერია? ხელისუფლების წყარო არის ხალხი. შემოდგომაზე თბილისში თითო-თითო დელეგატი უნდა ჩამოვიყვანოთ, შევიკრიბოთ და გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ გვინდა ახალი საპარლამენტო არჩევნები. ახალი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად ჩატარდება. ჯერ გვექნება პლებისციტი, გვინდა თუ არა ამის ჩატარება და პლებისციტით გადაწყდება, რომ გვინდა, ძალიან დიდი ალბათობით და შემდეგ, ნოემბერში ჩავატარებთ არჩევნებს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

როგორც პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი მათი ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია.

„ის ჩვენი პრეზიდენტია. ამასაც ვიძახდი, არასდროს მითქვამს, რომ არ არის ჩვენი პრეზიდენტი. ის არის დღეს ლეგიტიმური პრეზიდენტი. ჩემი აზრი იყო, რომ კი არ გაგვეერთიანებინა პოლიტიკური პარტიები ერთ ძალად და ასე შეგვეტია ბიძინა ივანიშვილის მთავრობისთვის, არამედ გავერთიანებულიყავით იდეის შესახებ – რომ უნდა გავერთიანდეთ და არცერთი პოლიტიკური პარტია არ უნდა გრძნობდეს, რომ წარმოადგენს ან „ნაციონალებს“, ან „ლელოს“, ან სხვადასხვა პარტიას, რა ვიცი, 4, 5, 8. ყველა მოვიდა და ერთი რამ მოვილაპარაკეთ, ვინც არ მოვიდა, მე მივედი. მაგალითად, გახარიასთან მე მივედი, გავიცანი. მივედი და ვუთხარი, მოდით, დავივიწყოთ, რომ ვართ პოლიტიკოსები, თქვენ რომ ხართ პოლიტიკური პარტიები, გავერთიანდეთ იდეის შესახებ. იდეა რა არის? მიზანი არის, მოვიშოროთ ეს მავნებელი მთავრობა“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები მობილური აპლიკაციით, პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ, როდესაც ეს პირველად გააჟღერა, დიდი ჟრიამული ატყდა.

„როდესაც ეს პირველად გავაჟღერე, დიდი ჟრიამული ატყდა, როგორ შეიძლება, ასეთი რამ მოხდეს. ბატონებო, იმ დროს, როდესაც მთვარეზე ჯდება ადამიანი, მილიონებს და მილიარდებს ტელეფონით რიცხავენ ერთი ბანკიდან მეორეში და ამას ენდობიან, რა გახდა ჩვენთან? მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ატარებენ და ჩვენ სულ ცოტა ხანში გვექნება ეს ყველაფერი“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.