პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი "გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტის თანახმად, გრანტად აღარ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, თუ უცხო ქვეყნის საელჩო საკუთარი სახელმწიფოსგან, თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით იღებს თანხებს, ის გრანტად არ ჩაითვლება და შესაბამისად, არც საქართველოს მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო.

პროექტის თანახმად, თუ საელჩო დააპირებს, გრანტი გასცეს საქართველოს მოქალაქეზე, ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, ამისთვის კვლავ საჭირო იქნება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება.