პოლიტიკოსები, აქტივისტები, ჟურნალისტები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მათ “ქართული ოცნების” დეპუტატების შეურაცხყოფისთვის სასამართლოში იბარებენ.

სასამართლოში ხვალ დაბარებული არიან - ნანუკა ჟორჟოლიანი, მარიამ გეგუჩაძე, ელენე ხოშტარია, თამარ ჩერგოლეიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ალეკო ელისაშვილი, გიორგი ქადაგიძე, ვახო სანაია, მიშა მშვილდაძე, ვიკა ბუკია, ეკა მიშველაძე, დეა მამისეიშვილი, ანა სუბელიანი, ბაია პატარაია, გიორგი ტუმასიანი.

შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების საქმეზე დაიწყო.

კანონი, რომლის საფუძველზეც "ქართული ოცნება" ჩივის, 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედდა და მის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმების და პატიმრობის ვადები იზრდება.

"ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კირცხალიამ 6 ივნისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საჩივრით მიმართავენ შსს-ს, "რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება".