ქართველებო, მინდა, გკითხოთ, ერთი რამე მივითვისე? რამე წაგართვით? პირიქით, შემოგწირეთ მთელი ჩემი კეთილდღეობა, პირადი, ოჯახური, ყველანაირი ცხოვრება, უკრაინის წარმატებული კარიერა, თავისუფლება და ბოლოს სიცოცხლეც დავდე სასწორზე. მეტი რა შეიძლება, გაიღოს ცალკე აღებულმა ადამიანმა?! , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წელს მთელი მსოფლიო დააყენეს ფეხზე და საქართველო გადაარჩინეს.

"ჩაბნელებული ქვეყანა გავანათეთ, პენსია გავზარდეთ, გზები არ გქონდათ და დაგიგეთ, აჭარა და ჯავახეთი გასული იყო საქართველოს კონტროლიდან და დავიბრუნეთ, პრაქტიკულად, წავართვით რუსეთს. 2008 წელს მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენეთ და ყველამ ერთად შევძელით საქართველოს გადარჩენა. ახალი ქალაქები აგიშენეთ. ისეთი რაღაცები შევქმენით, რაზეც ოცნებაც არ შეგვეძლო. რაის მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, ვინმეს წარმოედგინა? რაის მსოფლიო დემოკრატიის შუქურა, რაის 10 მილიონი ტურისტი, ყველა დამცინოდა მაშინ, რაის ევროკავშირში სწრაფი ტემპით სვლა. ამაზე ერთ თქვენგანს მაინც თუ შეეძლო ოცნება? ახლა ძილ-ბურანში მაინც ხომ გახსოვთ, მაიდანზე მოცეკვავე აშშ-ს პრეზიდენტი, მეორე პრეზიდენტი პარლამენტში გამოვიდა, მესამე მომავალი პრეზიდენტი თბილისსა და ბათუმში ფართო ნაბიჯებით დადიოდა და ხოტბას ასხამდა საქართველოს მთელი მსოფლიოს გასაგონად. 

ქართველებო, მინდა, გკითხოთ, ერთი რამე მივითვისე? რამე წაგართვით? პირიქით, შემოგწირეთ მთელი ჩემი კეთილდღეობა, პირადი, ოჯახური, ყველანაირი ცხოვრება, უკრაინის წარმატებული კარიერა, თავისუფლება და ბოლოს სიცოცხლეც დავდე სასწორზე. მეტი რა შეიძლება, გაიღოს ცალკე აღებულმა ადამიანმა?! მე კი ვიცი, ვისი ჩასმული ვარ, ეს კაცი მთელს ევროპას და მსოფლიოს ატერორებს, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ქართველო პროკურორების და მოსამართლეების, ბადრაგების, ყველა დანარჩენის ხელით კეთდება. მინდა, თქვენს თავს მაინც გამოუტყდეთ, რამხელა კატასტროფაა, საქართველოს შემქმნელი, აღმშენებელი და გადამრჩენელი სამარტოო საკანში გყავდეთ და ვითომ სასამართლოში კარგავდეს ყველაზე პროდუქტიულ დროს. აქ რომ არ ვიყო, ხომ გაცხოვრებდით ბევრად უკეთესად, უკვე ხომ ვიქნებოდით ევროკავშირის წევრები, ხომ არაფრით ვიქნებოდით სინგაპურზე ნაკლები, ხომ აშენებული გვექნებოდა ლაზიკა. მე კიდევ ერთს გთხოვთ, რომ მიმსახურეთ, რამე კარგი გამაკეთებინეთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.