2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვების მშობლებმა პარლამენტს პეტიცია წარუდგინეს, რომელსაც 600-მდე მოქალაქემ მოაწერა ხელი. პეტიციის ავტორები ითხოვენ, რომ 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც შენარჩუნდეს გამონაკლისი, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს მოქმედებდა. 

გამონაკლისის მიხედვით, მითითებულ პერიოდში დაბადებულ ბავშვებს პირველ კლასში სწავლის დაწყება შეეძლოთ მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით. მშობლები ალტერნატიულ გადაწყვეტასაც სთავაზობენ ხელისუფლებას: ბავშვის ჩარიცხვას მისი სასკოლო მზაობის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.

ამავე საკითხზე მშობლებმა წერილობით მიმართეს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ლაშხს და სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს. სამინისტროდან მათ საჯარო ინფორმაციაც გამოითხოვეს. მშობლებს სურთ, გაიგონ, რომელ კვლევებს ეფუძნება კანონის ცვლილება და რა უარყოფითი შედეგები გამოავლინა სახელმწიფომ ცვლილებამდე მოქმედი წესის გამოყენების პერიოდში.

2026 წლის 4 თებერვალს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება. ცვლილებამდე მშობელს უფლება ჰქონდა, სკოლაში შეეყვანა ბავშვი, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებოდა. 2026 წლის 1 აპრილს პარლამენტმა კანონს დაამატა 63¹² მუხლი, რომლითაც ეს უფლება ერთჯერადად, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წლისთვის შენარჩუნდა. 2027-2028 სასწავლო წლისთვის ანალოგიური ნორმა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

ამ რეგულირების გამო ერთსა და იმავე ასაკში მყოფი ბავშვები, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ დაბადების წლით განსხვავდებიან, განათლების უფლებით განსხვავებულ პირობებში სარგებლობენ. 2020 წლის 20 ოქტომბერს დაბადებულმა ბავშვმა სწავლა 2026 წელს დაიწყო. 2021 წლის 20 ოქტომბერს დაბადებულ ბავშვს კი, იმავე ასაკში, ეს შესაძლებლობა 2027 წელს აღარ ექნება. ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვი დადგენილ ზღვარს მხოლოდ ერთი, ორი ან სამი დღით ცდება.

„ჩემი შვილი 2021 წლის 24 სექტემბერს დაიბადა. მისი განათლების უწყვეტობა ცხრა დღემ უნდა განსაზღვროს? ჩვენი შვილები სკოლისთვის თანატოლებთან ერთად გადიან ფრე სქულს და იგივე უფლებები აქვთ, რაც ერთი წლით უფროს ბავშვებს. სახელმწიფოსგან მოველით, რომ მათ თანაბარ პირობებში ჩააყენებს და მშობელს არჩევანის უფლებას დაუბრუნებს, ხოლო ბავშვის მზაობას ინდივიდუალურად შეაფასებს“,  - აცხადებს პეტიციის ინიციატორი ნანა ლომიძე.

მშობლები მიიჩნევენ, რომ მათი მოთხოვნა ეყრდნობა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ვალდებულებებით აღიარებულ პრინციპებს:

ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი ადგენს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობას, ხოლო 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ანიჭებს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლებას;

ბ) საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა მიენიჭოს, რომლებიც თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება;

გ) გაეროს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია, რომლის მონაწილეც საქართველოა, მე-3 მუხლის პირველ პუნქტში იმავე პრინციპს ამკვიდრებს, ხოლო 28-ე მუხლით სახელმწიფოს ავალდებულებს, განათლების უფლების რეალიზაცია თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზე უზრუნველყოს.

მშობლების მოსაზრებით, ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, რომელიც არც ბავშვის ინდივიდუალურ მზაობას ითვალისწინებს და არც მშობლის გადაწყვეტილებას, ამ პრინციპებთან შესაბამისობაში ვერ მოდის.

საქართველოში მოქმედი ორი საერთაშორისო სკოლა 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს მზაობის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე იღებს. ამ სკოლებში წლიური საფასური, შესაბამისად, 28 000 და 14 000 აშშ დოლარია. მშობლების თქმით, ბავშვის მზაობის ინდივიდუალური შეფასება ქვეყანაში უკვე გამოიყენება, თუმცა იგი მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვისაა ხელმისაწვდომი. ამ პირობებში ბავშვის განათლების უფლების რეალიზაცია ოჯახის ქონებრივ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

2026 წლის თებერვალში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მშობლებს წერილობით აცნობა, რომ ცვლილება UNICEF-ის მიერ 2011 წელს ჩატარებულ კვლევას ეფუძნება, ხოლო შიდა ანალიტიკური დოკუმენტაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. პეტიციის ავტორები ითხოვენ ამ დოკუმენტების გასაჯაროებას და იმ მონაცემების წარმოდგენას, რომლებსაც გადაწყვეტილება დაეფუძნა.

მშობლები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ გადაწყვეტილება 2027-2028 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციის დაწყებამდე მიიღოს. წინა წლების პრაქტიკის მიხედვით, რეგისტრაცია თებერვალ-მარტში იწყება.

პეტიციის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებგვერდზე edu.aris.ge:
https://edu.aris.ge/news/6-wels-miugweveli-bavshvebis-pirvel-klasshi-charicxvas-2027-2028-saswavlo-wlistvisac-itxoven-moqalaqeebis-peticia-parlaments.html