მე ვრჩები პარტიაში, სავარაუდოდ, არ დავაყენებ თავმჯდომარეობის კანდიდატად საკუთარ თავს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"თუ რაღაცის ფორმაცია სურს პრეზიდენტ სააკაშვილს ამ პარტიაში, მე რიგით წევრად გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას. ბრძოლას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში და ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი.

რეფორმების საბჭოშიც ვერ ვხედავ საკუთარ თავს, რადგან ის პარტიისგან გვერდზე მდგომი ორგანო იქნება, უფრო სწორი იქნება ის დაკომპლექტდეს არაპარტიული ადამიანებისგან.

ჩემი ორწლიანი მანდატი, რომელიც პარტიულმა ყრილობამ მომანიჭა, 2026 წლის 8 ივლისს ამოიწურა, წესდებით გათვალისწინებულია, რომ მე გავაგრძელებ ამ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის გაგრძელებას, მანამ სანამ ახალი პარტიული ყრილობა არ აირჩევს ახალ ხელმძღვანელ პირს.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა საუბარია თავმჯდომარის პოსტის გაუქმება მოხდეს ფორმალურად, სამართლებრივად ეს ასე ვერ მოხდება, იმიტომ რომ საქართველოს კანონი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ [ასეთ ნორმას  არ ცნობს]. ჩვენ არ უნდა მივცეთ მიზეზი რეჟიმს, რომ დაიწყონ მოქმედებები პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის გამო.

[სააკაშვილის პოსტში] საუბარი იყო, რომ არცერთი პოზიცია არ უნდა დარჩეს გარდა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისა, გამომდინარე იქიდან, რომ ლევან ხაბეიშვილი ტყვეობაშია და და მე ამ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად მივესალმები", - განაცხადა ბოკუჩავამ "ტვ პირველის" ეთერში. 

მისი თქმით, თუ ლევან ხაბეიშვილი ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი იქნება, მაშინ უნდა არსებობდეს პოლიტიკური საბჭოც.

"კანონმდებლობით, იმისთვის, რომ ჩვენ ფორმალური საბაბი არ მივცეთ რეჟიმს, რომელსაც დამოკლეს მახვილივით აქვს დაკიდებული პარტიების გაუქმების საკითხი, ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოში, ამისთვის აუცილებელია, ნებისმიერი ცვლილებები აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს: პარტიას უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი პირი, რომელიც როგორც წესი, არის თავმჯდომარე, შეიძლება სხვა სახელი ეწოდოს - ბორდის თავმჯდომარე ან სხვა. უნდა ჰყავდეს კოლექტიური გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, როგორც წესი, ეს არის პოლიტიკური საბჭო და ასევე უნდა ჰყავდეს ე.წ. სარევიზიო საბჭო", - განაცხადა ბოკუჩავამ. 

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, პარტიის თავმჯდომარეობის გაუქმება დღის წესრიგში საერთოდ არ დგას, საუბარი 6-თვიან დროებით მმართველობის ჯგუფზე, ვიდრე არჩევნები ჩატარდება. 

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შეიქმნება „რეფორმატორთა საბჭო“, რომელსაც ის თავმჯდომარის როლში უხელმძღვანელებს, ნანუკა ჟორჟოლიანი კი საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იქნება.