საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ “კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომაზე კოალიციის ლიდერი ნიკა გვარამია დააბრუნა, მაია კოპალეიშვილი კი არა. 

რევაზ ნადარაიას თქმით, ნიკა გვარამიას გაძევება უკავშირდებოდა მხოლოდ წესრიგის დარღვევას და სასამართლო მას კიდევ ერთხელ აძლევს შანსს.

„სასამართლოს არაერთი მითითების მიუხედავად, მან დაარღვია წესრიგი, შესაძლებელია, მიეცეს შანსი და შესაძლებლობა, რომ დაბრუნდეს და დაესწროს ამ პროცესს, წარმოადგინოს თავისი პარტია. ის, რომ მხარეს თავისი ტვირთი აქვს და უნდა დასვას შეკითხვები, გააკეთოს ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დასკვნითი სიტყვა, არის პარტიის თავმჯდომარე და ა.შ. თვითონ მხარეა ვალდებული, გაუფრთხილდეს მის უფლებას, მისი უფლების რეალიზაციას სასამართლო სხდომაზე სწორედ წესრიგის დაცვით. ის, რომ მხარეს ამის უფლება აქვს, არ ნიშნავს, სასამართლომ ითმინოს ყველაფერი. ვინაიდან, გარდა წესრიგის დარღვევისა, სხვა საკითხს არ უკავშირდება ბატონი გვარამიას გაძევება, სასამართლო მისცემს მას შანსს, დაბრუნდეს სხდომაზე“, – განაცხადა ნადარაიამ.

რაც შეეხება მაია კოპალეიშვილს, რევაზ ნადარაიას განცხადებით, გარდა იმისა, რომ მან დაარღვია წესრიგი, ამავდროულად, ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რაც ვერ ეპატიება.

„ასეთი უაპელაციო და მძიმე განცხადება, თურმე სასამართლო ვინმეს დავალებით რამეს აკეთებს, არის გაუგონარი შეურაცხყოფა. მას, რომელიც ათი წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, უნდა ესმოდეს, რა მძიმე განცხადება და შეურაცხყოფაა. ამავდროულად, ქალბატონი კოპალეიშვილი მთელი ამ პროცესის დღიდან გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით სხდომაზე და მისი განცხადებების დაახლოებით 90 პროცენტი უკავშირდება თვითნებურ წამოდგომას, სასამართლოს თანხმობის გარეშე განცხადებების გაკეთებას. ეს ქალბატონი ძირითადად დაკავებული იყო სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევით. არ ვიცი, რატომ აირჩია მან ეს როლი სხდომის მიმდინარეობისას. გამორჩეულად წესრიგის დამრღვევი იყო ქალბატონი მაია, მაგრამ ამავდროულად, შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რომელსაც მას სასამართლო ვერ აპატიებს და ვერ დაუშვებს სხდომაზე“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.