ფაშინიანმა კი გააკეთა ის, რაც მე არ გავაკეთე - დააპატიმრა კარაპეტიანი. სომეხ ხალხს ეყო სიბრძნე, მის უმრავლესობას აერჩია სწორი კურსი, მიუხედავად შანტაჟისა და ყველაფრისა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთმა  სწორი პოლიტიკა და კურსი აირჩია და არ შეუშინდა რუსეთს.

"დღეს საქართველო არის თამაშგარე მდგომარეობაში, ერევანში კი დამარცხდა რუსეთი და დამარცხდა იმიტომ, რომ ყველაფერი იცვლება მსოფლიოში, დამარცხდა იმიტომ, რომ  სომეხ ხალხს ეყო სიბრძნე, მის უმრავლესობას აერჩია სწორი კურსი, მიუხედავად შანტაჟისა და ყველაფრისა.

სომხეთს ჰქონდა თვალწინ საქართველოს გამოცდილება. მათ ჩაუტარეს ზუსტად ისეთივე სპეცოპერაცია, როგორიც საქართველოში. დააკვირდით, როგორ დევნიდნენ ფაშინიანს.

იმედი ჰქონდათ, რომ ფაშინიანი დაემხობოდა - ის კი არ დაემხო, ამის შემდეგ გამოაგორეს რუსი ოლიგარქი, იქაური ივანიშვილი - კარაპეტიანი. ფაშინიანმა კი გააკეთა ის, რაც მე არ გავაკეთე - დააპატიმრა კარაპეტიანი, საშინაო პატიმრობა ჰქონდა და უკვე გამოშვებულია.

საქართველოს სჭირდება, სასწრაფოდ აღადგინოს ურთიერთობები ევროპასთან. დღეს ჩვენ ვართ ვითარებაში, როცა საქართველოში არის სრული ანომალია. ჩვენ ვართ აღმოჩენილი პრორუსულ ჭაობში და სულ უფრო ვეფლობით მასში. ეს არის ძალიან საშიში. რუსეთს არ აუღია ხელი თავის აგრესიულ ქმედებებზე, ჩვენი ქვეყანა არის დაუცველი. მშვიდობა ვერ გექნება „ქოცების“ პირობებში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.