სახალხო დამცველთან მოვედით, რომ დაგვეხმაროს და შევძლოთ, ლევან ხაბეიშვილმა ნახოს თავისი არასრულწლოვანი შვილები, - ამის შესახებ " ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში ირღვევა.

"საზოგადოებამ კარგად ვიცით, რომ ლევან ხაბეიშვილის უფლებები ირღვევა პენიტენციურ დაწესებულებაში, მას აუკრძალეს შვილების ნახვა და ეს პირდაპირ უთითებს, რომ ლევან ხაბეიშვილზე ცდილობენ, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ, ეს უტოლდება წამებას, როდესაც ადამიანი სამარტოო საკანში არის გამოკეტილი, აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველთან მოვედით, რომ დაგვეხმაროს და შევძლოთ, ლევან ხაბეიშვილმა ნახოს თავისი არასრულწლოვანი შვილები, რადგან ეს არის ყველანაირი კანონდარღვევა, ამას მიუთითებს ევროპული სასამართლო და ის გარემოებები, რომ დილეგში ჰყავთ ადამიანი გამოკეტილი თვეები და მასზე სამართლებრივად არ ხორციელდება ის მექანიზმები, რომელიც საჭიროა", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის დედა და მისი უფლებადამცველი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდნენ.