საპატრიარქოს პოზიცია ცნობილია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ აქ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო, პირდაპირ რომ ვთქვათ, წყვეტს ბიძინა ივანიშვილი. ეს არ გადაწყდება იმისდა მიხედვით, თუ რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი, როგორ ჩათვლის საჭიროდ, ეს არავინ იცის.

"საპატრიარქოს პოზიცია ცნობილია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ აქ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო, პირდაპირ რომ ვთქვათ, წყვეტს ბიძინა ივანიშვილი. ეს არ გადაწყდება იმისდა მიხედვით, თუ რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს, თუმცა, ერთ-ერთი არგუმენტი, თუ მან გადაწყვიტა, რომ სხვადასხვა ფაქტორების გამო უნდა გაათავისუფლოს მაინც და უნდა მოუწიოს სინდისის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ერთ-ერთი არგუმენტი, რა თქმა უნდა, ის იქნება, რომ პატრიარქის თხოვნააო. საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია, ეს მიუთითებს იმას, რომ ასეთია საზოგადოებრივი აზრი, ხალხს სურს, რომ ეს პატიმრები გათავისუფლდნენ, მიუხედავად იმისა, ამ აქციების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ თავად. 

რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი, როგორ ჩათვლის საჭიროდ, არ ვიცით. ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების აბსოლუტური სიხისტისგან რაღაც დეტალებში იცვლება აშკარად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაგალითად რამდენიმე პოლიციელიც დააკავეს, თუმცა პარალელურადაც გრძელდება ანტიევროპული ნაბიჯები", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.