ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა, გამოცდა  რაოდენობაზე. როგორც კი ვიქნებით კიდევ უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე მყოფ ხალხს ვერასოდეს აუკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას.

"ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა, გამოცდა რაოდენობაზე. ეს ვთქვით წინაზე და გვაქვს მეტი რაოდენობა, შემდეგი გამოსვლა იქნება და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი რაოდენობა და ცვლილება არის აქ, ხალხში. როგორც კი ვიქნებით კიდევ უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია. 

ჩვენ შეიძლება ჩაგვამწყვდიონ ციხის საკნებში, როგორც ძვირფასი ელენე დევიძეს ძმას, რომელმაც დღეს დაწერა: გთხოვთ, ნუ მიატოვებთ ჩემს მეგობრებს და ჩემს ოჯახის წევრებსო და მე აქედან მინდა ვუთხრა - არასდროს მივატოვებთ არც ერთს, ვინც ციხეში ხართ! არც ერთს და ვინც აქ არის, გარეთ და თქვენზე ღელავს! თქვენ მთავარი ხალხი ხართ ახლა, ჩვენი სამშობლოს მთავარი ბურჯები და თქვენ აქ დგახართ, ვგრძნობთ თქვენს აქ ყოფნას, თქვენ ხართ უხილავი დამსწრეები და მთავარი ხალხი აქ. 

ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც „ქოცების“, ისევე მათი მოსამართლეების, მაგალითად, ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის. ამ ხალხს შეხედოს ყველამ და დაიმახსოვროს, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი წინაპრების ანდერძის შესრულებისთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. საქართველო ევროპაა. საქართველო ჩვენი დიდი წინაპრების დანატოვარი ანდერძის თანახმად, ქრისტიანულ ევროპულ აკვანში უნდა დაბრუნდეს და ვერავინ ამაში წინ ვერ დაგვიდგება. საქართველო ივანიშვილის გარეშე!“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.