ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება, - ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წელს მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე 8 280 000 ლარს დახარჯავს.

გამარტივებული შესყიდვა 2026 წლის შობა-ახალი წლის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საჭირო საქონელსა და მომსახურებაზე უკვე გამოცხადებულია.

„საახალწლო ქალაქის“ მოწყობა და გასართობი ღონისძიებები  2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით იგეგმება.

სატენდერო პირობების მიხედვით:

პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, დეკორირებული ნაძვის ხეები, საციგურაო ყინულის მოედანი შესაბამისი დეკორაციით, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, თოვლის ბაბუას (სანტას სახლი) და სახელოსნო;

გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები;

მოეწყობა კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა (სანტა) დამხმარე მსახიობებთან ერთად;

მოეწყობა კვების და საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული ზონები, „საშობაო ბაზარი“ და „ტკბილეულის ფესტივალი“.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, 2025 წლის 31 დეკემბერს, გრანდიოზული საახალწლო გალა კონცერტი იგეგმება.

“საახალწლო ქალაქი“ 2025 წლის 12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება.