პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაიბარეს.

როგორც თეა წულუკიანმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, გიორგი გახარიას უკვე გაეგზავნა შეტყობინება და იმედოვნებს, რომ ის გამოცხადდება 23 ივნისს დამატებით გამოკითხვაზე, რათა გაგრძელდეს ჩორჩანის, წაღვლის და სხვა სოფლების თემაზე საუბარი.

"23 ივნისს ჩვენ ხელმეორედ გამოვკითხავთ გიორგი გახარიას, რომელსაც შეტყობინება უკვე გაეგზავნა. შეტყობინების ეს პროცედურა ნაწილობრივ უკვე დასრულებულია, თუმცა გრძელდება კანონით გათვალისწინებული წესის ზედმიწევნით და სრულყოფილად დაცვის მიზნით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება, რათა გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და სხვა სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ ტერიტორიის არცერთი სანტიმეტრი მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლიო და ჩვენ მოვისმინეთ წაღვლის მცხოვრების ახსნა-განმარტება წინა კვირაში, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ და დაიკავა ოკუპანტმა სახელმწიფომ, რუსეთი უფრო მეტად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ჰქონდა ოკუპირებულიო. ეს ახსნა-განმარტებები და ჩვენებები ერთმანეთთან რადიკალურად წინააღმდეგობაშია, ამიტომ ჩვენი ვალია, რომ მას დამატებითი კითხვები დავუსვათ.

ასევე კითხვები დაისმება და შეტყობინების წერილშიც მას ეცნობა, 2012-2025 წლების იმ მონაკვეთთან, როდესაც ის უკვე ოპოზიციაში იყო. ეს არის მისი გადადგომიდან დღემდე პერიოდი, მათ შორის მისი და მისი პარტიის საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა წულუკიანმა.