“ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს, დიდი ბრიტანეთი მოქმედებისთვის მზად არის და სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი გზავნილი ბრიტანეთის პოლიტიკურ ლიდერებთან“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“ჩვენ გუშინ დავბრუნდით ლონდონიდან, სადაც გვქონდა არაერთი შეხვედრა პარლამენტის წევრებთან ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინდა გითხრათ, რომ ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ევროკავშირის წევრი 16 სახელმწიფოს და გაერთიანებული სამეფოს სახელით, რა თქმა უნდა, მთავარი აქტორი ამ განცხადების შემუშავებაში სწორედ გაერთიანებული სამეფო იყო. ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სირიამ გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარება და ბევრ სხვა ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე, მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზე, სადაც დიდ ბრიტანეთს შეუძლია გაცილებით უფრო სწრაფად მოქმედება, იმიტომ რომ ის არ არის შებოჭილი ევროკავშირის კონსენსუსის წესით. ბიძინა ივანიშვილი უნდა ელოდოს მოქმედებას დიდი ბრიტანეთისგან, რაც აღნიშნული იყო მათ შორის იმ განცხადებაში, რომელიც სწორედ იმ დღეს გამოქვეყნდა, როდესაც ჩვენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა გავმართეთ აღნიშნულ საკითხზე”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.