საქალაქო სასამართლოში თინა ხიდაშელის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას წვდომა აქვს მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი.

"ყველა ფაქტი, რომელიც არსებობს, საჯარო სივრცეშია ხელმისაწვდომი. მე ვარ კერძო პირი და წვდომა მაქვს მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი. კითხვების დასმაში არ არის პრობლემა, ეს ნორმალური პროცესია. მე, სიმართლე გითხრათ, იქაც ვუთხარი სასამართლოში და ახლაც შემიძლია, გავიმეორო, რომ ჩემი ამოცანა მიღწეულია. მე მინდოდა, როგორც ხდება ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში, რომ ვიღაც საყვირს ჩაჰბერავს საფრთხის შესახებ და მერე საგამოძიებო ორგანოები ამ საფრთხეს მოიკვლევენ, როგორც ჩანს, ჩემი ამოცანა შესრულებულია - ისინი დაინტერესდნენ. თუ რამე საფრთხე ემუქრება ქვეყანას, იმედი დავიტოვოთ, რომ ამას გაარკვევენ.

არ ვიცი, ვის რა მცდელობა აქვს. მე რომ ვერაფრით შემაშინებენ, მე მგონი, ამ 32 წლის განმავლობაში, რაც ტელეეკრანებზე მხედავს ხალხი, უკვე ეს დადასტურებულია", - აცხადებს ხიდაშელი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სუსში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა გიორგი კანდელაკიც.

სასამართლოში გამოკითხვაზე გუშინ უკვე იმყოფებოდა გუბაზ სანიკიძე.

გამოკითხვაზე ასევე დაბარებულია გივი თარგამაძე, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება.

სუსმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.