თუ კობახიძე თავის დაწერილ კონსტიტუციას მაინც სცემს პატივს, ვურჩევთ, გადადგეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.

"გუშინ ივანიშვილმა სახელმწიფო მართვის სისტემა სრულად დააკნინა და კობახიძის მთავრობის დელეგიტიმაცია მოახდინა.  იმ ფონზე, როდესაც “ოცნება” სუვერენიტეტის თითქოსდა დაცვის ყალბი მოტივით, საკანონმდებლო დონეზე კრიმინალად აცხადებს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიერ “ოცნების” ხელისუფლების ვერბალურად  თუ სხვა ნებისმიერი ფორმით “არაღიარებას” და ამისთვის ადამიანებს იჭერს.

ივანიშვილი პრემიერ კობახიძეს ხან გაყიდვების მენეჯერის ფუნქციას უთავსებს არაბულ საინვესტიციო პროექტში, ხან ისეთ დამამცირებელ როლში ამყოფებს, რაც გუშინ ვიხილეთ, რადგან ეს იყო კონსტიტუციური წესრიგის მოშლის ყველაზე თვალსაჩინო დადასტურება, როდესაც პრემიერი ქვეყნის არაფორმალური მმართველის თანაშემწის  როლით იყო წარმოდგენილი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

თუ კობახიძე თავის დაწერილ კონსტიტუციას მაინც სცემს პატივს, ვურჩევთ, გადადგეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან! ეს იქნება ერთადერთი სწორი და მისასალმებელი გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში“, - აცხადებს ჭანტურია.