მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ალიევს ძალიან აინტერესებდა საქართველოს რეალური პოზიცია საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება აზერბაიჯანის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის აღიარება.

"ძალიან კარგია, რომ ალიევი ჩამოვიდა საქართველოში. მე ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს ვაფასებ დადებითად, ვინაიდან, აზერბაიჯანი არის გარანტი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების, პირველ რიგში, და საქართველო არის საიმედო სივრცე აზერბაიჯანის მიერ საკუთარი ნავთობის და გაზის ექსპორტის ძალიან მნიშვნელოვან ბაზრებზე, ვგულისხმობ ევროპის მიმართულებებს.

უნდა ვთქვათ, რომ დაახლოებით ორ წელიწად-ნახევარი არ ყოფილა აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში. ქართულ მხარეს, მე ვფიქრობ, აინტერესებდა, რომ გაემყარებინა საკუთარი პოზიციები საქართველოში.

რა პირობები აქვს დღეს საქართველოს - საქართველოს დანგრეული აქვს ურთიერთობები ნატოსთან და ევროკავშირთან, პრაქტიკულად, სტრატეგიული პარტნიორობა დანგრეული აქვს აშშ-თან, სანქციები აქვს ქვეყანას და რუსეთთან გართულებები, თურქეთთან ურთიერთობები კი გაციებული - აზერბაიჯანს კი სტრატეგიული პარტნიორობა აქვს აშშ-თან -  ის მისი თითქმის დასაყრდენი პარტნიორია რეგიონში, რუსეთთან ძალიან მყარი პოზიციები აქვს, იმდენად, რომ  დღეს რუსეთს გაცილებით უფრო სჭირდება აზერბაიჯანი, ვიდრე აზერბაიჯანს - რუსეთი; ევროპასთან კი ახალი ხარისხის ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანს, რომელიც გამოიხატება სტრატეგიულ პარტნიორობაში ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დარგში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აქვს მოპოვებული - აქედან გამომდინარე, სულ სხვა ავტორიტეტის და რეპუტაციის ქვეყანა გახდა აზერბაიჯანი. ამ პირობებში კი, რა თქმა უნდა, საქართველოს უფრო სჭირდება აზერბაიჯანის აღიარება, როგორც მისი სტრატეგიული პარტნიორის, ვიდრე პირიქით, მაგრამ აზერბაიჯანსაც აქვს თავისი მნიშვნელოვანი ინტერესები საქართველოში, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ალიევს ძალიან აინტერესებდა საქართველოს რეალური პოზიცია საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.