ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას.

რიგით მეორე "ერევნის დიალოგი 2026“, 5-6 მაისს, ერევანში,  ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის დასრულებისთანავე გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკური ცენტრები და აკადემიური წრეები, მათ შორის იქნებიან “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელი  ვიქტორ ყიფიანი და თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ხატიაშვილი.

ღონისძიების მიზანია მაღალ დონეზე დისკუსიების გამართვა იმ საერთო გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშე დგას ევროპა და ჩვენი რეგიონი, როგორც ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება და უპასუხოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ მწვავე გლობალურ პრობლემებს.

წარმატებული ორი დიალოგის შემდეგ, წელს ერევნის დიალოგი მიზნად ისახავს სტრატეგიული საუბრების გაღრმავებას და პრაქტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობას სხვადასხვა გამოცდილების, სფეროსა და პასუხისმგებლობის დონის მქონე მონაწილეებს შორის.

დიალოგის მიზანია დღევანდელი მსოფლიოს წინაშე არსებული მწვავე საფრთხეებისა და გამოწვევების მიმართ ხელშესახები პროგრესის მიღწევა.

წლევანდელი დიალოგის მთავარი თემები იქნება განახლებული სტრატეგიული კონკურენციის, ტრანსნაციონალური რისკებისა და გეოპოლიტიკური დაყოფების ეპოქაში, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა;
დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების როლი ქვეყნის განვითარებაში; რეგიონული კონფლიქტები, დიდი ძალების კონკურენცია და გეოპოლიტიკური დაძაბულობა; ევროკავშირის გაფართოება და დასავლური ინტეგრაცია; გლობალური დაკავშირებადობა, დემოკრატიული მედეგობა, ჰიბრიდული საფრთხეები და ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები და უსაფრთხოების არქიტექტურა, აშშ-ის ჩართულობის მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში და სხვა.

ერევნის დიალოგის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები "ჯერ საქართველოს" წევრებსა და სხვადასხვა დელეგაციებს შორის.

"ერევნის დიალოგი არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხები, შევიმუშაოთ ერთობლივი რეგიონული მიდგომები და გავაღრმაოთ ჩვენი კავშირები. ასევე, ჩვენი გუნდის - „ჯერ საქართველოს“ ამოცანაა ღონისძიების ფარგლებში გავაღრმაოთ ჩვენი პოლიტიკური კავშირები პარტნიორ სახელმწიფოებთან და მათ პოლიტიკურ წრეებთან“, - განაცხადა „ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა.