გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოდან იანვარ-აპრილის თვეში 313 მილიონი დოლარის ღირებულების  ნავთობპროდუქტები გავიდა ექსპორტზე. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში 80 მილიონი დოლარის მზა ნავთობპროდუქტები იქნა გატანილი. სულ, ბოლო 6 თვეში 393 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტები იქნა ექსპორტირებული, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის პარალელურად, დღემდე არავინ იცის რა ხდება ყულევის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში, იმაზე უფრო მეტად გასაიდუმლოებულია, ვიდრე სამხედრო ობიექტი.

"გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოდან იანვარ-აპრილის თვეში 313 მილიონი დოლარის ღირებულების  ნავთობპროდუქტები გავიდა ექსპორტზე. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში 80 მილიონი დოლარის მზა ნავთობპროდუქტები იქნა გატანილი. სულ, ბოლო 6 თვეში 393 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტები იქნა ექსპორტირებული.

ამ სახის საქონლის ექსპორტის ათასობით პროცენტით ზრდა უკავშირდება ყულევის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას. ჯერ ამუშავებულიც არ იყო და ასეულ ათასობით ტონა რუსული ნავთობპროდუქტი შემოჰქონდა და გაჰქონდა ექსპორტზე. ამას მოჰყვა ყულევის პორტისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან. გარემოებათა გამო პორტი გადაურჩა დასანქცირებას.

დღემდე არავინ იცის რა ხდება ყულევის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში. იმაზე უფრო მეტად გასაიდუმლოებულია, ვიდრე სამხედრო ობიექტი. არ უშვებენ მედიას, სახელისუფლებო-პროპაგანდისტულსაც კი. ერთადერთი სიუჟეტი მომზადდა გასულ თვეში, სადაც ირკვევა, რომ მუშაობა დაიწყეს და ამის პირველი ნიშნებიც გამოაჩინეს. რაც ვნახეთ უფრო საცდელ ამუშავებას ჰგავდა. პურის საცხობში რომ მიიყვანო ვინმე იმის საჩვენებლად, რომ მუშაობს, აჩვენო გავარვარებული თონე, მაგრამ გამომცხვარი პური არსად იყოს, დაახლოებით ამას ჰგავდა ამ მშენებარე ქარხნის აღწერა.

ოთხასი მილიონი დოლარის პროდუქტი რომ აწარმოოს ამ სახის ქარხანამ, ასეულობით მუშა უნდა ტრიალებდეს ტერიტორიაზე და ხობის რაიონში, სადაც არის იგი განთავსებული, გაზის  მოხმარებაც არნახული მოცულობით უნდა იყოს გაზრდილი. ამ რაოდენობის ნავთობის გადამუშავებას და მისგან დიზელის ნახევარფაბრიკატის მიღებას დაახლოებით 20-30 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოხმარება დასჭირდებოდა. ელექტროენერგიის ხარჯიც დაახლოებით 15-30 მილიონი კილოვატ-საათით უნდა გაზრდილიყო. არის კი ამდენი მატება? გარდა ამისა, ბიუჯეტში მილიონობით ლარი უნდა შესულიყო, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის სახით. ძალიან საეჭვოა, რომ რომელიმე ამ ირიბი ინდიკატორებიდან ერთი მაინც ემთხვეოდეს საჭირო ოდენობას.

ყულევის ამ ქარხანამ უნდა გახსნას კარები და ახლა მაინც, “ამუშავებიდან” ნახევარი წლის შემდეგ აჩვენოს საზოგადოებას, სინამდვილეში რა ხდება იქ, მართლა ნედლი ნავთობის გადამუშავებით არიან დაკავებულები თუ რუსეთიდან შემოტანილი ნახევარფაბრიკატების რეექსპორტით.

ეჭვებს ისიც აძლიერებს, რომ მათი პროდუქციის მთავარი მყიდველი არის აფრიკული სახელმწიფო ტოგო, რომელსაც ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა არც კი გააჩნია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლომეს პორტი ნავთობის რეექსპორტითაა დაკავებული და სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება.

ტოგო სანქცირებულ რუსული ნავთობი რეექსპრტშიც იყო მხილებული. არსებობს სანქციების გვერდის ავლის სხვა გზაც - ზღვაში ხდება ერთი გემიდან მეორე გემზე ნავთობის გადატვირთვა და შემდეგ კვალი იკარგება, შეცვლილი საბუთებით სხვა ქვეყნებში გადამისამართდება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.